ბათუმში, ე.წ ბანანის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ გართობის მიზნით 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.

პროკურატურის თანახმად, კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ.

ასევე, როგორც უწყება მიუთითებს, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.

ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

პროკურატურის განცხადებით, სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სისხლის სამართლის ამავე საქმეზე კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ​

წყარო: პუბლიკა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər