„საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა“ — ლავროვის მოადგილე ოკუპირებულ ტერიტორიებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, „სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზაციის წინაპირობები გაჩნდება მას შემდეგ, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და მზად იქნება, რესპუბლიკებთან ურთიერთობები ააშენოს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“.

Комсомольская правда-მ გალუზინს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაბრუნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ჰკითხა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ქართული ოცნება ახდეს?

„ვფიქრობ, ყველაფერზე მეტყველებს
სოხუმსა და ცხინვალში ამ განცხადებებზე რეაქცია. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის, მეორეს კი მსგავსი ქმედებებით დაემუქრა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართული „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

აფხაზებმა და ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება“,
— განაცხადა გალუზინმა.

გალუზინის თქმით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ასევე საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციის გზით.

გალუზინმა აღნიშნა, რომ ყველა ეს თემა განხილვის საგანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მოსკოვი მომხრეა დისკუსიების ფარგლებში სამუშაოების გააქტიურების.

„ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად — ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər