საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
თანამშრომლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
თანამშრომლებთან ერთად,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ
გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ.გ. და
1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის ერთი მოქალაქე – 1977 წელს
დაბადებული ი.ფ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის
მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში
მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“
გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის –
სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას
შეეცადნენ“, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა
მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.