2 წელი ტრაგედიიდან რომელსაც მარნეულში ორი ქალი ემსხვერპლა - კორპუსი ჯერ კიდევ არ გაუმაგრებიათ
2 წელი გავიდა მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან რასაც ორი ქალის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ოსულად იყო. ნარიმანოვის N1 კორპუსში, მეხუთე სართულის აივანი, 2022 წლის 26 ივნისს ჩამოინგრა.

უკვე ორი წელია რაც ნარიმანოვის N1 კორპუსის მოსახლეობას ცხოვრება შიშის ქვეშ უწევს - ელიან, რომ მათი საცხოვრებელი ჩამოინგრევა, მაგრამ ალტერნატიული ფართის მოძიება ყველას არ შეუძლია.

აივნების ჩამონგრევის შემდეგ მარნეულის მერიამ საცხოვრებელი კორპუსი შეისწავლა. ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ნარიმანოვის N1 კორპუსი ავარიულია და მასში ცხოვრება სახიფათოა. მიუხედავად ამისა, კორპუსის სარესტავრაციო სამუშაოები ამ დრომდე არ განხორიცელებულა.

აივნების
ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა რაია ალიევა, რომელიც ნარიმანოვის N1 კორპუსში, მეხუთე სართულზე, ცხოვრობდა. რაიას შვილი, აკიფ ბაირამოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობისაგან იღებს დაპირებებს, მაგრამ საცხოვრებლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.

აკიფი აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი ინგრევა, რის გამოც მეზობლების ნაწილმა ნარიმანოვის N1 კორპუსი უკვე დატოვეს.

რადიო „მარნეული“ ორ თვეზე მეტია ცდილობს გაარკვიოს თუ რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავს მარნეულის მერია ნარიმანოვის N1 კორპუსის გასამართად. 12 აპრილს მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ, რადგან გვითხრეს, რომ საკითხი კომპლექსური იყო და სიტყვიერ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. 12 აპრილიდან ველოდებით პასუხს ოფიციალურ წერილზე, მაგრამ მერია ამ დრომდე დუმს. მერიაში დღეს, 27 ივნისს, განგვიცხადეს, რომ წერილის პასუხი ჯერ კიდევ არაა მზად.

2022 წლის 26 ივნისს აივნების ჩამონგრევის შემდეგ მარნეულის მერიამ კორპუსის მოსახლეობა სასტუმროში გადაიყვანა. ნარიმანოვის N1-ში მცხოვრები 28 ადამიანი სასტუმროში რამდენიმე კვირის განმავლობაშ რჩებოდა, რაშიც მერიამ „კავკაზ“-ს 110 200 ლარი გადაუხადა. აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებით სამუშაოები ესაჭიროება და მისი აივნებით სარგებლობა სახიფათოა. ამის მიუხედავად ნარიმანოვის N1 კორპუსში მოსახლეობა საცხოვრებლად კვლავ დაბრუნდა. კორპუსის რეაბილიტაციისათვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი თვითმმართველობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია, რის გამოც ის არ შედგა. 2023 წლის ბიუჯეტში მარნეულის მერიამ ჩამონგრეული აივნების კორპუსის რეაბილიტაციისთვის 1 715 500 ლარი გამოყო, მაგრამ კორპუსი გასულ წელსაც არ გაურემონტებიათ. 2024 წელს ნარიმანოვის N1 კორპუსისათვის ბიუჯეტში ცალკე მუხლი გამოყოფილი არაა.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər