პარასკევს, 10 მაისს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
10 მაისს, პარასკევს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი საკითხების ჩამონათვალში არ არის „აგენტების კანონი“, რომლის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.

პარასკევის კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა:

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი;
  • საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი.

კომიტეტი მუშაობას დილით, 09:00 საათზე, დაიწყებს.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს, გაიტანენ. იმავე კვირაში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაც.

საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“, 3 აპრილს ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების კანონი“, რომელიც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის გამო უკან გაიწვია. ახლა სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტის მიღების პარალელურად, იძაბება საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər