მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას - გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ინსტრუმენტი
ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ იმის გამო, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებისა, რომ გაეწვიათ ის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ.

„ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის
თავსებადობასთან დაკავშირებული არსებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ მოსაზრებას და განიხილონ მისი რეკომენდაციები რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“,
- აღნიშნულია განცხადებაში.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისთვის და გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

„ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით ისარგებლონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს პროდუქტიულ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər