პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე აირჩია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე – გოჩა ჯეირანაშვილი, გიზო უბილავა და ბადრი შონია აირჩიეს.

მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილებას გვარების ანბანური თანმიმდევრობით შეუდგებიან. გიზო უბილავა უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი – 18 ოქტომბრიდან.

უმაღლეს ინსტანციაში 3 ვაკანტური თანამდებობაა, თუმცა ორ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.

დღეს, 26 ივნისს არჩეულ კანდიდატებს
იურიდიულ კომიტეტზე 20 ივნისს მოუსმინეს.

კომიტეტზე მოსამართლეებს შეკითხვები დაუსვეს სასამართლო სისტემაში „კლანისა“ და სისტემის გამოწვევის შესახებ.

მოსამართლე გიზო უბილავამ განაცხადა, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, „კლანი“ არ არსებობს.

„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოსდა კლანი არსებობს სასამართლოში. ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს“, – განაცხადა მან.

ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, როგორ აფასებს მოსამართლე სასამართლოს დამოუკიდებლობას 2012 წლამდე და მის შემდეგ, მოსამართლე ამბობს, რომ სისტემა 2012 წლამდე დამოუკიდებელი იყო, დღეს კი „იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო“.

მოსამართლე ბადრი შონია აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს პირველი გამოწვევა ხელოვნური დისკრედიტაციის კამპანიაა, რომელიც „კლანის“ არსებობას უკავშირდება. მისი მტკიცებით, სასამართლოსთვის მიმართვიანობა იმიტომაა გაზრდილი, რომ საზოგადოება სისტემას ენდობა, თუმცა „მიდის პროპაგანდა, რომ სასამართლოს მართავს კლანი“.

„როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს „კლანი“, არაპირდაპირ გაგებით, „კრიმინალები“ და ამ დროს, სასამართლოში მომართვიანობა მატულობს. ხალხს უნდა, რომ მისი საქმე სასამართლომ განიხილოს. ამ დროს, ევროსასამართლოში მიმართვიანობა იკლებს და რაც მიდის, იმაზეც, რა თქმა უნდა, ადგილობრივ, ეროვნულ სასამართლოებს დარღვევას ძალიან ცოტა საქმეზე უდგენს. ჩემთვის ეს ამოუხსნელია და მე მგონი, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რაც სასამართლოს წინაშე დგას ამ პროპაგანდასთან გამკლავებაა. ვსაუბრობთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს ისეთი ბერკეტი, რომ პროპაგანდას ყოველ ჯერზე ეფექტურად უპასუხოს“, – თქვა მან.

უზენაესში ახლად არჩეული მოსამართლეების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული.

2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.

წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər