ცოტნე ივანიშვილი მიუძღვის მსვლელობას ბანერით: „ღირსებით ევროპისკენ“
„ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე კონტრაქციაზე.

სწორედ ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა კონტრაქციაზე ახალგაზრდულ მსვლელობას ბანერით „ღირსებით ევროპისკენ“.

„მე ვარ პატრიოტი, მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩვენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი
რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება და მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ჩემი პოზიცია დავიფიქსირე, განხილვაში შესვლა და დეტალების განხილვის სურვილი არ მაქვს“,
— განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტოს მოსმენაზე მეორე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი. დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər