უკრაინის გენშტაბი - რუსეთს 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაური ტყვედ ჰყავს აყვანილი
უკრაინის საზღვაო ძალების სამი მცირე ზომის გემის “ბერდიანსკის”, “ნიკოპოლის” და “იანა კაპუს” ოცზე მეტი მეზღვაური რუსი ოკუპანტების მიერ არიან ტყვედ აყვანილი.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკამ განაცხადა.
“მეზღვაურების ბედი უცნობია. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ექვსი მათგანი დაჭრილია. აქედან ორი მძიმედ. რუსეთის ქმედებების შემდეგ ჩვენ დავკარგეთ კავშირი ჩვენს გემებთან. სამივე გემზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა”,- განაცხადა მან.

თავის მხრივ, უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნის საპროტესტოდ კიევში რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც რუსეთის საზღვაო ძალების აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს. დემონსტრანტებს საელჩოსთან საბურავების დაწვაც სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება მათ არ მისცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩოს მახლობლად მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა საელჩოს ერთ-ერთ მანქანას. ადგილზე საელჩოსთან რამდენიმე ასეული უკრაინელი ამ დრომდე რჩება.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. ინციდენტის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები