სააკაშვილი: რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია რუსულს არ უნდა დაემსგავსოს
“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!”, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დასძენს:

“ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს”,
– წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

მისი ეს განცხადება სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას ეხება.

პროვოკაცია უწოდეს გადაცემის წამყვანის გინებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“, – განაცხადა გვარამიამ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები