ეთნიკური უმცირესობის მწარე რეაქცია ყარაბაღის ომზე პირდაპირ მეტყველებს მათ საქართველოში ინტეგრაციაზე - ლაშა ძებისაშვილი
27 სექტემბერს, დილიდან, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან მეთერთმეტე დღეს მხარეები ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანიც და სომხეთიც მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი რადიო „მარნეულთან“ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაში საქართველოს როლზე, რუსეთის გავლენასა და საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებისა და სომხების დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და საქართველოს როლი ცეცხლის შეწყვეტისათვის“

„საქართველოს რეალური პოლიტიკური გადმოსახედიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. როგორც ერთ ქვეყანასთან, ასევე მეორე ქვეყანასთან, ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი ბერკეტები რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემდა, რომ როგორც მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდოთ და ამის უკან რაიმე რეალური პოტენციალი იდგეს, რომ ჩვენს მოწოდებას ვინმე მხარს დაუჭერს, იმიტომ, რომ ორივე მხარე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზერბაიჯანი, დაინტერესებულია კონკრეტული სამხედრო-პოლიტიკური ამოცანის მისაღწევად. ხოლო იგივე ამოცანა გააჩნია სომხეთს. ამ ეტაპზე, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ერთის მხრივ აზერბაიჯანს დაკავებული აქვს ტერიტორიები და გააგრძელებს ამ ტერიტორიების გათავისუფლებას. ესაა მისი ძირითადი სტრატეგიული ამოცანა, ხოლო სომხეთს და ამ შემთხვევაში ყარაბაღს ასევე სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა აქვს, რომ შეეწინააღმდეგოს და არ დაუშვას დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება და თუ შესაძლებლობა ექნება, გაათავისუფლოს აზერბაიჯანის ჯარის მიერ უკვე დაკავებული ტერიტორიები. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, რამდენადაც არ უნდა მოვუწოდოთ ომის შეწყვეტისაკენ“

„ყარაბაღის ომის გავლენა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებზე“

„ჩემის აზრით, ომი ყარაბაღში და გამოხმაურება ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში არა იმდენად ყარაბაღის და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის პრობლემაა, რამდენადაც ჩვენი სახელმწიფოებრივი პრობლემაა. ის, თუ რამდენად რეაგირებს ჩვენი ეთნიკური უმცირესობები მიმდინარე კონფლიქტზე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სუსტია ჩვენი სახელმწიფო ამ ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში, რამდენად არაა დასრულებული ამ ეთნიკური ჯგუფების სრული ინტეგრირება ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში და რამდენად არ განიხილავენ ისინი საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად. ანუ, იდეალურ ვარიანტში, თუ ეთნიკური უმცირესობა მჭიდროდ და სრულიადაა ინტეგრირებული საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, მისთვის ომი, თუ რა ხდება ყარაბაღში, ძირეულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ის უნდა ფიქრობდეს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში და არა სხვა ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის თუ რა მწარედ რეაგირებს ეთნიკური უმცირესობა იქ მიმდინარე ომზე, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე თუ რამდენადაა ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოძახილი იმისა თუ რა პრობლემები გაგვაჩნია ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით“.

„რუსეთის ინტერესები ყარაბაღის ომში“

„რუსეთს არ გააჩნია ცალკეულად აღებული ინტერესი ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში, ან საქართველოში. რუსეთის ინტერესი არის რომ არ დაკარგოს და პირიქით, შეძლებისდაგვარად გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში. აქ სომხეთი წარმოადგენს მის ძირითად პლაცდარმს და შესაბამისად მისი მთავარი ამოცანა არის ეს პლაცდარმი სრულიად იყოს მის მორჩილებაში. ამჯერად, ფაშინიანის ხელისუფლება, რომელიც მისგან დამოუკიდებლად მოვიდა, ანუ კრემლის პოლიტიკური კურთხევის გარეშე მოვიდა, წარმოადგენს რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ცვლას და ამიტომ ის ცდილობს, რომ ეს მიუღებელი დინამიკა მაქსიმალურად გამოასწოროს. შესაბამისად, სანამ მისი კონტროლირებადი რეჟიმები არსებობდა, იქნებოდა ეს გოჩარიანი თუ სარქისიანი, მანამდე ყარაბაღის თემა საერთოდ არ იძვროდა და არ გადიოდა პოლიტიკურ ფარგლებს გარეთ. როგორც კი სომხეთში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ნაკლებად ემორჩილება სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთს, რუსეთისთვის დღის წესრიგში დადგა სომხეთის დასჯის აუცილებლობა და ამის პირველი, ყველაზე მკაფიო, მაგალითი იქნებოდა ტერიტორიების დაკარგვა ყარაბაღში. რუსეთი აცხადებდა თავის თავს გარანტორს როგორც სომხეთის ასევე ყარაბაღის მოსახლეობის, ამჯერად რუსეთმა ეს გარანტია მოხსნა ყარაბაღთან მიმართებაში რაც სჭირდება მას სომხეთის ამჟამინდელი რეჟიმის დასასჯელად და ამ შემთხვევაში ამას რუსეთი ძალიან კარგად იყენებს და ყარაბაღთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ აკეთებს. წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, რომ ამ „მწვანე შუქის“ გარეშე, ალიევს რაიმე სახის სამხედრო მოქმედებები დაეწყო“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები