1000 ვაქცინა მარნეულისთვის და აცრის 15 მსურველი, - სკეპტიკოსი ექიმები და მითები - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან
საქართველოში, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, 15 მარტს პირველად გახდა შესაძლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. 13 მარტს ქვეყანამ COVAX-პლატფორმის საშუალებით 43 200 დოზა AstraZeneka-ს ვაქცინა მიიღო. პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ). ირკვევა, რომ ექიმებს შორისაც ბევრი სკეპტიკოსია, რომელიც არ გამოხატავს აცრისთვის მზაობას. რა საფუძველი აქვს ამ უნდობლობას, რა ინფორმაციას ვფლობთ ვაქცინების შესახებ, რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მას, როგორია ეფექტურობა და რა შედეგს უნდა ველოდოთ - რადიო „მარნეულის“ამ კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.

- 13 მარტს საქრთველომ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რა შედეგს უნდა ველოდოთ?

- ვაქცინაციისგან, ქვეყნები ელოდებიან იმ შედეგს, რომ ერთწლიანი კატასტროფა, რაც ხდება, პანდემიის დასრულებას თუ არა, შემცირებას მაინც. ვირუსს გავრცელების ისეთი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, მას ვერ უპირისპირდება კაცობრიობა ვერაფრით. ან წელიწადში სამჯერ უნდა დაკეტო ორი სამი თვით ქვეყანა და ნახევარი წელი უნდა დაამწყვდიო ხალხი, მეორე ნახევარი წელი გამოუშვა, რომ მერე კიდე დაამწყვდიო, ან უნდა იყოს ვაქცინაცია რაც შეიძლება ეფეტურად და სწრაფად წარმართული. ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ თუ ზრდასრული მოსახლეობის 60-70% არ აცერი, დაახლოებით რვა თვეში, მაშინ აზრს კარგავს - არაფერი დიდის მომტანი ეს არ იქნება. მთავარია ვაქცინაცია არა მარტო დავიწყოთ, რაც ძალიან კარგია და ყველა დღეს მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ ახლა წარმატებით უნდა გავაგრძელოთ.

- ვაქცინების მოკლე დროში დამზადების გამო, ბევრი მითქმა-მოთქმაა მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამედიცინო პერსონალის ნაწილიც კი ეჭვით უყურებს მათ. რამდენად უსაფრთხოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

- დაკვირვებებით და მონიტორინგით, რაც მუდმივად ტარდება ყველა ქვეყანაში, არ ჩანს, რომ რომელიმე ვაქცინა და მათ შორის „ასტრაზენეკა“, უფრო მეტ დაზიანებას ახდენს ადამიანებში, ვიდრე აუცრელ ადამიანებში (გვხვდება, რედ.). გარდაცვალების ჭარბი რაოდენობა არ ფიქსირდება მსოფლიოში.მარტო ინგლისში, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 11 მილიონი დოზაა გაკეთებული და არც ერთი, მასთან ასოცირებული გარდაცვალების შემთხვევა ბრიტანეთს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეცნიერება და სამედიცინო ტექნოლოგიები აქვს ევროპის კონტინენტზე, ამერიკის შემდგომ, არ დაფიქსირებულა. ამიტომ, ამ გააზრებით, რისკის სარგებლის შეფასებით, მე ვუყურებ როგორც ექიმი, ამდენი ინფორმაცია მაქვს და ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გავიკეთო ეს ვქაცინა. მე თუ ვინმესთვის მაგალითად გამოვდგები, უნდა ავიცრა. გავიაზრე ეს ყველაფერი, დღედაღამ ამას ვკითხულობ და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინას აქვს მეტი სარგებელი, ჩემი დაცვისთვის, ვიდრე ეს ვერაგი ვირუსი შემხვდეს.

- თავიდან საუბარი იყო „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის შემოტანაზე, „ასტრაზენეკა“ კი საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს. შესაბამისად, ხვალ შეიძლება სხვა ვაქცინის შემოტანა გახდეს საჭირო. თქვენ რომელი კომპანიის ვაქცინა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტურად?

- ვაქცინების ეფექტურობა, თუ შეფასდება პროცენტების მიხედვით, „ფაიზერს“ აქვს 94%, „მოდერნას“ 95%, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 70% - გააჩნია რომელ შტამზე მოქმედებს. მაგალითად, გრიპის ვაქცინას, რომელსაც ყოველწლიურად ვიკეთებთ, მისი ეფექტურობა დაახლოებით 40%-დან 50 %-მდე არის. ოღონდ, გრიპის ვაქცინაგაკეთებულ ადამიანს გრიპი შეხვდება, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრა და სიკდილი არ ემუქრება, იცავს უზარმაზარი პროცენტით, თორემ ავად გახდომისგან ვერ იცავს. იგივეა „ასტრაზენეკაც“, „მოდერნაც“, „ფაიზერიც“ თუ „“ჯონსონი და ჯონსონიც“. სიკვდილის და მძიმე დაავადებისგან, ესენიც იცავენ. სიკვდილისგან 100%-ით. (არ დაფიქისრებულა არც ერთი ვაქცინირებულ ადამიანში კორონასგან გამოწვეული სიკვდილიანობა. რედ.) მძიმე დაავადებისგან თითქმის 90%. ამიტომ, ამ ორ კომპონენტში, „ასტრაზენეკა“, „მოდერნაც“ და „ფაიზერიც“ ერთნაირი ეფექტურობით ხასიათდება.

- რამდენად ეფექტურია ვაქცინის გადანაწილების სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

- საქართველოს მთავრობა, ვაქცინის გადანაწილებას ვერ საზღვრავს. მათ აქვთ პირდაპირი მოლაპარაკება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმასთან. ჩვენ სხვა მომწოდებელი არავინ გვყავს. როცა ისინი გეტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს ამ პლატფორმაზე ეს ვაქცინა და ამდენი გეკუთვნით კვოტით გამოყოფილი, მიიღებთ იმ ვაქცინას, რასაც ისინი მოგცემენ. ამას საქრთველოს ხელისუფლებას არავინ ეკითხება.

- როგორ ფიქრობთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში იძლევა თუ არა კორუფციის ან წესების გვერდის ავლის შანსს, მაგალითად, ექიმების ახლობლების თუ გავლენიანი პირების აცრის საშუალებას?

- რასაკვირველია, ამის შანსები არსებობს. მსგავსი ფაქტები დაფიქსირადა ამერიკაშიც, ესპანეთშიც. მაღალჩინოსანი სამხედრო საერთოდ თანამდებობიდან გადააყენეს. ამის რისკები არის და კეთილსინდისიერად უნდა მართოს ეს სახელმწიფომ.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავროსბის ძალისხმევას ვაქცინაციის პროცესისა თუ ვაქცინაციის კამპანიის თვალსაზრისით. რამდენად ეფქტურად იმუშავეს?

- რასაკვირველია, ყველა დაგვიანებული დღე და საათი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვითხოვდით ქვეყანას დაეწყო სწორედ იმ ფერხულით ვაქცინაცია, როგორც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს და ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა იანვრიდან. სამუშაო ძალიან ბევრია. დღევანდელი მონაცემი, მაგალითად, ამას ამბობს, რომ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული 75 000 სამედიცინო პერსონალიდან, რეგისტრაცია გაიარა და ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა 1 700-მა ადამიანმა (14 მარტის მონაცეებით, რედ.), რაც ძალიან სავალალოა. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორისაც კი, განათლების დონე ძალიან დაბალია, მათ არ აქვთ რწმენა მეცნიერების. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწიოს, საინფორმაციო კამპანია და შეხვედრა უნდა ჩაატაროს. დღე და ღამ ამაზე უნდა იყოს საუბარი. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ მომენტში არაფერია. არავითარი პარტიულობა და პოლიტიკა. ეს არის ზე-სახელმწიფოებრივი საქმე, რომელშიც ყველა, დიდი და პატარა უნდა გაერთიანდეს, სხვანაირად, 5 000 ადამიანის აცრა არაფერს მოგვიტანს, პანდემია ისევ გაგრძელდება და აუცრელი ხალხი ისევ მოხვდება საავადმყოფოებში.

- ვაქცინის საქართველოში დაგვიანებული შემოტანა რა გავლენას ახდენს კორონავირუსის გავცელებაზე?

- რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას. ვაქცინაცია თუ იქნება სწრაფად დაწყებული და აიცრება ბევრი ადამიანი, ეს იქნება იმის გარანტია, რომ პანდემიის შემდგომ ტალღებს ავირიდებთ. ეს ყველაფერი კი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ მოხდება ეს და მხოლოდ პირბადის და ხალხის კეთილსინდისიერების იმედად ვიქნებით, ჩვენ ვხედავთ, რომ პირბადის ტარება 43%-ზე ჩამოვიდა 72%-დან. არ იჯერებს მოსახეობა და თავის ნებაზე დადის.

- როგორ მოქმედებს ვაქცინა და რეალურად შეუძლია თუ არა რაიმე სახის ზიანის მიყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

- ვაქცინა წამალია და როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები. მხარის ტკივილი, სიცხითი რეაქცია, სისუსტე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის. ეს ყველაზე ხშირი რეაქციები არის, რომელიც უფიქსირდება 10 აცრილი ადამიანიდან 60-70%-ს. ტკივილი, ადგილობრივი შეშუპება, შემცივნება, სიცხის მიცემა, კუნთების ტკივილი, რომელიც 24-48 საათში უკალოდ ქრება.

- ერთ-ერთი გავრცელებული მითია, რომ ვაქცინა ზიანს აყენებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. რა საფუძველი აქვს ამას?

- რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე ამერიკელი მეცნიერების მიერ იყო (ნათქვამი, რედ.), რომ ვთქვათ, ცილა, რომელსაც ასინთეზირებს ვაქცინა ორგანიზმში შეყვანის შემდგომ, სპაიკ ცილას, მის მიერ დამუშავებული ანტისხეულები შეიძლება იგივენაირად პლაცენტის ცილასაც ებრძოდნენ.
პლაცენტის ცილასთან ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა და ა.შ., თუმცა არც ერთი მეცნიერული დადასტურება და მტკიცებულება ჯერ მანდ მსგავსებას არ ადასტურებს. ეს არის კონსპირაციული შეთქმულების ნაწილი და მეცნიერების არასწორი ინტერპრეტაცია და არაკეთილსინდისიერება, რაც გახდა ამის საფუძველი.

- მე უკვე გადავიტანე კორონავირუსი და არ მჭირდება ვაქცინა“ - ეს მითია თუ რეალობა?

- რადგანაც ვაქციენბი ლიმიტირებული და შეზღუდულია, შეიძლება კორონავირუს გადატანილმა ადამიანებმა , რადგანაც სამი თვის განმავლობაში რეინფიცირება თითქმის არ არის მსოფლიოში, დაუთმონ იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანია - თავის კოლეგებს, მეგობრებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აცრა შეუძლიათ. ამერიკასა თუ ინგლისში არავინ იცდის, როგორც კი მწვავე დაავადება მორჩება, შეგიძლია ვაქცინა გაიკეთო ორი სამი კვირის შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვიტეს ასე, რომ ცოტაა ვაქცინები და თუ გადაიტანა ადამიანმა ერთი თვის უკან, მას არ აქვს დიდი რისკი, რომ დაემართოს კორონაინფექცია. ამიტომ, ამ შემთხვევაში 120 დღე შეიძლება თავი შეიკავონ და არ აიცან.

- რატომ არ ცრიან კოვიდ-19-ის ვაქცინით ბავშვებს?

- ბავშები თვითონ, დაავადების მთლიან კატეგორიაში და სიმძიმის თვალსაზრისით, სიკვდილობის მაჩვენებელში არის ყველაზე დაბალი. პრაქტიკულად, მსოფლიოში დაღუპულ ორ მილონზე მეტი ადამიანიდან, ბავშვების წილი არის უკიდურესად იშვიათი. ამიტომ ჩაითვალა, რომ რადგანაც ვაქციენების შექმნის პროცესი დროში უნდა აჩქარდეს და მნიშვნელოვანია მოვიცვათ მოწყვლადი ჯგუფები, ასაკოვანი ხალხი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს და ჯანდაცვის მუშაკები, რომელთაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდთან, შესაბამისად, ამ კვლევებში არ იყო ბავშები ჩართული, რათა დროში მოეგოთ. კვლევები ძალიან დიდი ხანი გაგრძელდებოდა და ბავშვები არ აღმოჩნდდენ სამიზნე. თუმცა, დაწყებული აქვს ბევრ კომპანას კვლევა და და სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება, რომ ბავშების ასაკობრივი ზღურბლი (ვისთვისაც აცრა იქნება მიზანშეწონილი, რედ.) ჩამოიწიოს მინიმუმ 12 წლიდან ზემოთ.

- აცრის შემდეგ პანდემიამდელი ცხოვრების დაბრუნება მითია თუ რეალობა?

- მსოფლიო მოსახლეობის იმუნური ფენის შექმნას სჭირდება 70% და თუ აიცრის მსოფლიო მოსახლეობის 70 %, რაც 5 მილიარდზე მერტი ადამიანია და 10 მილიარდი ვაქცინა როდის გაკეთდება, როდესაც მსოფლიოში, დღიურად, 8 მილიონი ვაქცინა კეთდება? თუ არ აჩქარადა ეს პროცესი, შეიძლება ამას წლები დასჭირდეს.

- არის თუ არა ვაქცინა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა?

- კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში, ალბათ, მარტო ვაქცინა კარგა ხანი ვერ დაასრულებს. ჩვენ თუ ავცრით ყველა მოხუცებულს ძირითადად და ადამიანებს, რომლებსაც 18-დან 65 წლამდე რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, დიაბეტი, სიმსუქნე, გული, ფილტვის დაავადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, პირობითად, დღეში რომ იყოს 10 000 შემთხვევაც კი, ეს არ გამოიწვევს საავადმყოფოში პაციენტების ჭარბად მოხვედრას და შესაბამისად, სიკვდილობას. 10 000 შემთხვევაზეც კი, ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადება საჭირო არ იქნება. რგორც ჩვეულებრივი გრიპი, ისე იქნება საზოგადოებაში და საშუალო ასაკის ადამიანები ამას ძირითადად „ფეზე იხდიან“ მარტივად. ერთადერთი, იზოლირება სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს გახდება ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საფუძველი წლის ბოლოდან, მაგრამ პანდემიის დასრულების საფუძველი, ალბათ, ვერ გახდება.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის გამოყენება დაიწყეს. საქრთველოში თავდაპირველად „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა დაანონსდა, ისიც თებერვლის თვეში, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში 15 მარტს 82 დაწესებულებაში დაიწყო აცრის პროცესი. 17 მარტიდან სქემაში მარნეულიც ჩაერთვება. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალმა“ „ასტრაზენეკას“ 1 000 დოზა უკვე მიიღო. ამ ეტაპზე, ვაქცინის გაკეთების მსურველი მხოლოდ 15-ია. ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ბიძნა კულუმბეგოვის ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ აქ:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები