Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ
ბილ გეიტსს უმდიდრესმა ინდოელმა მეწარმემ და ინვესტორმა - გაუტამ
ადანიმ გადაუსწრო.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 115.8 მილიარდ დოლარად
შეფასებული ქონებით ადანი მეოთხე ადგილს იკავებს, $105.3 მილიარდით კი
გეიტსი - მეხუთეს.
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო
მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც
ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო
მოპოვების, აეროპორტებისა და
საზღვაო პორტების სფეროებშია
წარმოდგენილი.
Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად ასამდე შვილობილი კომპანიაა,
ჰოლდინგის ძირითად საინვესტიციო სფეროს კი ინფრასტრუქტურა და
ენერგეტიკა წარმოადგენს.
ადანიმ $115-მილიარდიანი ქონების ძირითადი ნაწილის შექმნა ბოლო
ათწლეულის განმავლობაში შეძლო, უშუალოდ მიმდინარე წელს კი მისი
ქონების შეფასება თითქმის $30 მილიარდით გაიზარდა, რაც მსოფლიოს
მასშტაბით იმ პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული, რომელსაც Adani
Group-ის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი ქვეყნის მთავრობასთან
ახლო ურთიერთობითაც გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და
გაუტამ ადანის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თავად Adani
Group-ი კი აქტიურადაა ჩართული ინდოეთის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და
ენერგეტიკულ პროექტებში.