გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტს - "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა" - მხარი დაუჭირეს
დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დაებლოკა ეს პროცესი“,
- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.

შეგახსენებთ, 23-27 სექტემბერს უკრაინის ოთხი ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ფსევდორეფერენდუმები გაიმართა. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებზე დაყრდნობით, უკრაინის ოთხი ოლქის ანექსია გამოაცხადა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები