მობილიზაციის გამო რუსეთში პილოტი პირდაპირ ასაფრენი ბილიკიდან აიყვანეს — მედია
რუსეთში პილოტი გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნეს, რადგან მას შეეხო ქვეყანაში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია.

ამის გამო ქალაქ უფიდან ანტალიის მიმართულებით დანიშნული ფრენა 9 საათით გადაიდო.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილობრივმა გამოცემა Mkset.ru-მ დღეს, 14 ოქტომბერს გაავრცელა.

გამოცემა ავრცელებს ერთ-ერთი მგზავრის მონათხრობს, რომლის თანახმადაც, პილოტი პირდაპირ ბორტიდან მოხსნეს და სამხედრო კომისარიატში წაიყვანეს.

„ყველა შოკში იყო. სამხედრო აღრიცხვისა და
გაწვევის თანამშრომლები პილოტის წასაყვანად მოვიდნენ. ჩვენ უნდა გავფრენილიყავით 30 სექტემბრის 5:20 საათზე, მაგრამ საბოლოოდ, ფრენა უფის დროით 14:00 საათზე, დაგვიანებით შესრულდა.

თავდაპირველად ვიცადეთ ორი საათი, შემდეგ ყველა სასტუმროებში გაგვაგზავნეს. მანამდე დინამიკში გამოაცხადეს, რომ მობილიზაციის გამო პილოტს აკრძალული ჰქონდა საზღვრის გადაკვეთა, შესაბამისად, აფრენა გაუქმდა და თვითმფრინავის დატოვება გთხოვეს“,
— განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

როგორც გამოცემა იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, პილოტმა სამხედრო გაწვევის შესახებ ინფორმაცია სახლში მიიიღო, თუმცა კომისარიატში არ გამოცხადდა.

Mkset.ru მომხდარზე უფის აეროპორტსა და საავიაციო კომპანია AzurAir-ს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები