გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ მხარი დაუჭირა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ მხარი დაუჭირა. კერძოდ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის მიერ წარდგენილი „მშვიდობის ფორმულის” ძირითად დებულებებს მოიცავს.

ხუთშაბათს, საგანგებო სესიაზე აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს 141-მა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა მხარი, 32-მა თავი შეიკავა (მათ შორის ირანმა, ყაზახეთმა, ჩინეთმა), ხოლო 7 წინააღმდეგ წავიდა: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია.

აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის ფედერაციისადმი მოთხოვნას მოიცავს „დაუყონებლივ, სრულიად და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში”.

ცალკე აღნიშნულია საჭიროება “შესაბამისი სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სასამართლო დევნის მეშვეობით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველაზე მძიმე დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობა”.

რეზოლუცია ასევე მოიცავს მოწოდებას „დაუყონებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე თავდასხმები“ და უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო ტყვეებისადმი შესაბამისი მოპყრობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად შესრულება.

უკრაინის პრეზიდენტი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.

„ეს რეზოლუცია უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია… უკრაინის სამშვიდობო ფორმულისადმი გლობალური მხარდაჭერის ძლიერი გამოვლინება”, - წერს ზელენსკი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები