აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაჭრილები და დაღუპულები
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ.

“11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”,
- წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათი ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “შესაბამისი საპასუხო ზომები” მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ “სომხეთის პროვოკაციის” შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ “აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“.

მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მოგვიანებით, სომხურმა მხარემ იმავე მიმართულებაზე აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნის გამოყენებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის თავდაცვით ზომებს იღებენ.

მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება “შედარებით სტაბილური” რჩება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები