ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 125 ათასი ტონა არის დაგეგმილი”
, - განაცხადა ჟუმანგარინმა.

მისი თქმით, ბაქო ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებსაც სთავაზობს.

კერძოდ, ბაქო-სუფსას მილსადენის გამოყენებას და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებში მიწოდებას. მინისტრის თქმით, ყაზახეთის მიერ ახლა ბაქო-სუფსას მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების გამოთვლა მიმდინარეობს.

“გუშინ საკმაოდ მკაფიოდ განიხილებოდა გაერთიანებული საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით”
, - აღნიშნა ჟუმანგარინმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 21 მარტს ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ისტორიაში პირველად პირდაპირ მიაწოდა ნავთობი აზერბაიჯანს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები