კიევმა კონსულტაციისთვის მინსკიდან ელჩი გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს, ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.

კიევში განაცხადეს, რომ არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ, უკრაინის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ პუშილინთან შეხვედრა იყო ბელარუსის მხრიდან მორიგი არამეგობრული აქტი, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის მხარდაჭერისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს, კიევი მინსკთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები