პირველად 2020 წლის შემდეგ - თურქეთის ეროვნულმა ბანკმა განაკვეთები 6.5%-ით გაზარდა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის კურსში ცვლილებებია.

ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა და ახალმა ეკონომიკურმა ჯგუფმა ინფლაციის შესაკავებლად მთავარი საპროცენტო განაკვეთები 8.5%-დან 15%-მდე გაზარდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.

თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იმ იმედით, რომ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებდა. საპირისპიროდ კი მკვეთრად მაღალი ინფლაციის დონე მიიღო. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თითქმის 40%-ია და ცხოვრების ხარჯები მკვეთრადაა გაზრდილი, რის გამოც მოსახლეობას კრიზისში უწევს ცხოვრება.

აღსანიშნია, რომ ტრადიციული ეკონომიკური შეხედულებების გამო ერდოღანმა 2-წლიან შუალედში უკვე ეროვნული ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად უოლ სტრიტის ყოფილი ბანკირი, ჰაფიზე გეიე ერკანი დაინიშნა, რაც ორთოდოქსულ პოლიტიკაზე გადასვლას მიანიშნებდა.

გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, ერდოღანმა ფინანსთა მინისტრიც შეცვალა და პოსტზე მეჰმეთ შიმშექი დანიშნა.

მიუხედავად 6.5%-იანი ზრდისა, ეკონომისტები მოელოდნენ, რომ განაკვეთები ბევრად უფრო მეტით მოიმატებდა. ამერიკული საინვესტიციო ბანკი, Morgan Stanley ვარაუდობდა, რომ ზრდა 20% იქნებოდა, ხოლო Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ განაკვეთებმა, შესაძლოა, 40%-ს მიაღწიოს.

თავის მხრივ, ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საკუთარი განცხადებით ცხადყო, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკის გამკაცრების ეტაპობრივი პროცესის დასაწყისია, რომლის მიზანიც ინფლაციის 5%-მდე დაყვანა იქნება.

რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ ვალუტას, მისი კურსი კვლავ რეკორდულად უფასურდება და ამჟამად 1 დოლარის ღირებულება 24.5 ლირას შეადგენს.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები