თურქული ლირა ქართულ ლართან რეკორდულად უფასურდება
ორშაბათს თურქული ლირა დოლართან მიმართებით კიდევ 3%-ით დაეცა და რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დავიდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ით, 15%-მდე გაზარდა.

ლირა ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით 26.05-მდეა შესუსტებული.

მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, თურქული ვალუტა 28%-ით გაუფასურდა, ძირითადად, მაისის ბოლოს არჩევნებში ერდოღანის ხელახლა გამარჯვების შემდეგ.

თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იმ იმედით, რომ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებდა. საპირისპიროდ კი მკვეთრად მაღალი ინფლაციის დონე მიიღო. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თითქმის 40%-ია და ცხოვრების ხარჯები მკვეთრადაა გაზრდილი, რის გამოც მოსახლეობას კრიზისში უწევს ცხოვრება.

აღსანიშნია, რომ ტრადიციული ეკონომიკური შეხედულებების გამო ერდოღანმა 2-წლიან შუალედში უკვე ეროვნული ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად უოლ სტრიტის ყოფილი ბანკირი, ჰაფიზე გეიე ერკანი დაინიშნა, რაც ორთოდოქსულ პოლიტიკაზე გადასვლას მიანიშნებდა.

გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, ერდოღანმა ფინანსთა მინისტრიც შეცვალა და პოსტზე მეჰმეთ შიმშექი დანიშნა.

ახალმა ეკონომიკურმა ჯგუფმა ინფლაციის შესაკავებლად ჯერ მთავარი საპროცენტო განაკვეთები გაზარდა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, შემდეგ კი დაიწყო 2021 წლიდან მიღებული იმ წესებისა და რეგულაციების ნაწილის გაუქმება, რომელთა საშუალებითაც სესხებს, საკრედიტო და ფორექსის ბაზრებს სახელმწიფო აკონტროლებდა და გამიზნული იყო ლირის ფლობის წახალისებისთვის.

არჩევნებამდე ლირის ღირებულების დასაცავად ცენტრალური ბანკის მიერ რეზერვების გამოყენების გამო, ივნისის დასაწყისში რეზერვები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წმინდა რეზერვები -5.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თუმცა ოფიციალურმა პირებმა და ბანკირებმა განაცხადეს, რომ ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა თავისი რეზერვების გამოყენება ლირის მხარდასაჭერად. ახალმა ნაბიჯებმა ბაზრებზე თავისუფლების ხარისხი უნდა აამაღლოს და სტაბილურობა უზრუნველყოს.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ლირა რეკორდულად უფასურდება ლართანაც და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად, 1 ლირა 0.1028 ლარს უდრის, რაც, მინიმუმ, 2016 წლის შემდეგ თურქული ვალუტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები