„ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდით" - ჯორჯ ბუშის წერილი
„პუტინიზმის დამარცხების“ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილით გაიხსნა. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა წაიკითხა.

ჯორჯ ბუში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ეჭვები გააჩნია.

„მე და ლორა ვუგზავნით მოკითხვას ქართველ ხალხს, ისევე როგორც კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრეებს. ახლა, როდესაც თქვენ თბილისში ხართ შეკრებილები, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა ექნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. უკრაინის გამარჯვება დაამტკიცებს, რომ დემოკრატიული ძალების გამარჯვება შესაძლებელია, უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს თავისუფლების მოყვარული ადამიანების ძალას, უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება თქვენი ქვეყნის დეოკუპაციაც მოახდინოს პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ტრანსატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების წევრობას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, რომ ქვეყანა წინ მიდიოდეს. როგორც გასულ წელსაც ვთქვი, საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გონებაში. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით.

გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა ჯეროვნად არ უჭერს მხარს უკრაინას.

ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში“,
– ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.

ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება, ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები