პუტინი კიმ ჩენ ინს კოსმოდრომზე ხვდება
რუსეთის ამურის ოლქში მდებარე კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინის და ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება.

კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დაათვალიერეს სარაკეტო კოსმოსური კომპლექსების, „ანგარას“ რაკეტის ამწყობი საამქრო და „სოიუზ 2-ის" სასტარტო კომპლექსი.

როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, კიმ ჩენ ინი კოსმოდრომის სარკინიგზო სადგურამდე სპეციალური მატარებლით ჩავიდა და შემდეგ გზა ლიმუზინით გააგრძელა. ჩრდილოეთ კორეის მეთაურს რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საპატიო ყარაულით დახვდნენ.

კრემლმა გაავრცელა პუტინის და კიმ ჩენ ინის მისალმების ამსახველი ვიდეოკადრები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისი მიწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.

კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს, ჩავიდა.

2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები