ჯეიჰუნ ბაირამოვი სერგეი ლავროვს - აზერბაიჯანის ტერიტორიებზე უკანონო რეჟიმის დაშლისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღების პროცესი მიმდინარეობს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი, ასევე რეგიონში არსებული ვითარება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა ბაირამოვმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის შესახებ კონსტრუქციული დიალოგისადმი აზერბაიჯანის ერთგულებას და მიმდინარე ყოვლისმომცველ ზომებს სომეხი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე უკანონო რეჟიმის დაშლის, სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან მათი გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა აზერბაიჯანის ინტერესს სომხეთთან სამშვიდობო პროცესში პროგრესის მიღწევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები