ჩინეთში ხელოვნური ხორცის პირველი ქარხანა გაიხსნა
შანხაიში დაფუძნებულმა კომპანია, CellX-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის საპილოტე ქარხანა გახსნა. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

CellX-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან ცზილიანი აცხადებს, რომ „საპილოტე წარმოებიდან მიღებული დასკვნები კომპანიის კომერციული საწარმოო კომპლექსისთვის იქნება გამოყენებული, რომლის დასრულებაც 2025 წლისთვის იგეგმება და რომელიც წელიწადში ასობით ტონა პროდუქტის წარმოებას შეძლებს.“

მისი ცნობით, საწარმოს 2 ათასი ლიტრი მოცულობის ბიორეაქტორი აქვს. დროთა განმავლობაში, აღჭურვილობის რაოდენობა გაიზრდება, ხოლო პროდუქტის ღირებულება, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით, შემცირდება და კილოგრამზე 100 დოლარზე ნაკლები იქნება.

აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ წლის ბოლოს CellX შეერთებულ შტატებსა და სინგაპურს ხელოვნური ხორცის გაყიდვის ნებართვის მისაღებად მიმართავს. ლაბორატორიაში მოყვანილი პროდუქტების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ ქვეყნებში არის დამტკიცებული.

ჩინური კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლას 2025 წლისთვის გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ ქარხნის საპილოტე ვერსიის შექმნა ჩინეთისთვის გარღვევაა, რადგან 1,4 მილიარდი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყანა ცხოველური ცილის წყაროს პოვნაში გამოწვევის წინაშე დგას.

2022 წლის იანვარში ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ხუთწლიანი სასოფლო-სამეურნეო გეგმა, რომელშიც სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი, მათ შორის კულტივირებული ხორცი, პირველად იყო ნახსენები.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები