აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის
რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. აზერბაიჯანული
სააგენტოს, „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაქოში
მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „დეკოლონიზაცია: ქალების
გაძლიერება და განვითარება“ მონაწილეებისადმი ალიევის მიმართვაში.
ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო
მეთოდები“ დღესაც გრძელდება.
„საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ
კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც
მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს
მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში
რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი
ომებისთვის“, – მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.