ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში“
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ამის შესახებ ალიევმა განაცხადა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“.

მისი სიტყვებით, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. „ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა თავი - ორივე ქვეყანა - ერთიან, ევროპისთვის მნიშვნელოვან გუნდად“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ისევე როგორც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ბაქოს. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება: “ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ ამ წამოწყებაში და ვულოცავ სტატუსის მინიჭებას“.

ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღონ.

ბაქოში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა ასევე ილაპარაკა სომხეთთან მოლაპარაკებების პროგრესზე. ალიევის თქმით, ელის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას „არა დეკლარაციებით, არამედ ხელმოწერებით“. „ჩვენი მიზანი არ არის სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია“, - განაცხადა მან.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროსტრუქტურები გააკრიტიკა და თქვა, რომ „ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი მანიაკივით იქცევა“. ალიევმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტ მეცოლას „პოპულისტები“ უწოდა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები