პუტინმა დაადასტურა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან, არტიომ ჟოგასთან საუბარში დაადასტურა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. კრემლში აკრედიტებული ჟურნალისტების ჯგუფის წევრთა თქმით, ეს მოხდა სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც დღეს, 8 დეკემბერს, გაიმართა კრემლში.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ჟოგამ პუტინს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა სთხოვა. ამ თხოვნას, გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, დანარჩენი დაჯილდოებულებიც შეუერთდნენ.

მანამდე პუტინს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ აპირებდა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა, რომ იგი კენჭისყრისთვის ემზადებოდა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა.

გამოცემები "Медуза" და "Вёрстки" წერდნენ, რომ ჩინოვნიკებს ამოცანად დაუსახეს არჩევნებში პუტინისთვის ხმების 80 პროცენტის უზრუნველყოფა.

წინა, 2018 წლის არჩევნებში, პუტინმა გაიმარჯვა რეკორდული შედეგით, ხმათა 76.69 პროცენტით.

მომდევნო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეს პუტინის მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები