რუსეთი აცხადებს, რომ ბელგოროდში ჩამოვარდა ილ-76, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით მიჰყავდათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი. რუსეთი ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, არიან თუ არა გადარჩენილები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია, რომელმაც მიზეზები უნდა დაადგინოს.

ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა და მასში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამ-არხებმა „ბაზამ“ და „112-მა" გაავრცელეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ კოროჩანსკის რაიონში „შემთხვევაა“ და ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ეს-300-ისთვის. ტყვეების შესახებ უკრაინა ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები