„მარნეულის სოფწყალმა“ 78 300 ლარი იმ წყალში გადაიხადა, რომელიც მოსახლეობამდე ვერ აღწევდა
შპს „რუსთავწყალთან“ შპს „მარნეულის სოფწყალის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, „რუსთავწყალი“ ფინანსურ მოგებას იღებდა, ხოლო მარნეულის სოფლებს სასმელი წყალი მაინც არ მიეწოდებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში მარნეულის სოფწყალმა კომპანია „რუსთავწყალთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მარნეულის ოთხ ტერიტორიულ ერთეულში, ყულარში, ალგეთში, ქუთლიარსა და კაპანახჩში შემავალ სოფლებს სასმელი წყალი უნდა მიწოდებოდა.

ხელშეკრულების მიხედვით, „რუსთავწყალი“ სასმელი წყლის ხარისხზე მხოლოდ მრიცხველამდე იყო პასუხისმგებელი, რომელიც სატუმბ სადგურთან იყო, ხოლო მას შემდეგ, წყლის ხარისხსა და მილების გამართულობაზე „სოფწყალი“ იყო პასუხისმგებელი.

„2018 წლის აგვისტოდან-დეკემბრის ჩათვლით შპს „რუსთავწყალისთვის“ გადახდილია 78 300 ლარი. თუმცა მოსახლეობისგან წყლის გადასახადის ამოღება 2018 წელს არ განხორციელებულა.“ - წერია აუდიტის დასკვნაში

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მილები, რომლითაც მოსახლეობას სასმელი წყალი უნდა მიწოდებოდა, დაზიანებულია რის გამოც, შეძენილი წყლის დაახლოებით 80% იკარგებოდა, ხოლო დარჩენილი 20% მილების გაუმართაობის გამო სასმელად უვარგისი ხდებოდა. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო „სოფწყალმა“ მოსახლეობისაგან წყლის გადასახადის ამოღება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები სათანადოდ არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმდა ისეთი პირობით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობისათვის საჭირო ხარისხის და მოცულობის წყლის მიწოდებას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები