სიახლე
ყოფითი კონფლიქტის ეთნიკური ნიადაგი - კობახიძე, მამედლი და მიქელაძე
14 ივნისს ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუს დროს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ კონფლიქტს გამოეხმაურა. შეიძლება ითქვას, რომ კობახიძემ ერთგვარად აღიარა კონფლიქტის ეთნიკური ნიადაგი.

„თქვენ გახსოვთ, რომ დმანისში იყო რთული შემთხვევა, და მეორე დღეს მოხერხდა სიტუაციის დეესკალაცია და შერიგებით დასრულდა ეს ყველაფერი. ამაში იყო ჩართული ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქ იყო ორმხრივი ინციდენტები. მგძნობიარე საკითხი იყო, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, უმძიმესი ინციდენტი იყო. მნიშვნელოვანი იყო საქმისთვის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტური შერიგებით დასრულებულიყო და ეს მოხდა“ - აღნიშნა კობახიძემ

კობახიძის ნათქვამზე კომენტარს პლატფორმა სალამის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამარან მამედლი აკეთებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესც პოლიტიკური ლიდერები გამორიცხავენ დმანისის ამბის ეთნიკურ ნიშანს, კობახიძის განცხადება მისი თანაგუნდელების ნათქვამს ეწინააღმდეგება და ერთგვარი აღიარებაცაა. მამედლის თქმით, თუ პოლიტიკური ხედვის დონეზე „ქართულ ოცნებას“ აქვს გააზრებული, რომ დაირისპირებას ეთნიკური ხაზები ჰქონდა, საჭიროა ამას მოჰყვეს სპეციალური ნაბიჯები, დაიწყოს სამუშაოები და ადგილზე სოლიდარული სივრვცეები შეიქმნისთვის მეტი რესურსი ჩაიდოს.

„ალბათ კობახიძის განცხადება ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილების მიმღები და თანამდებობაზე მყოფი ადაიანები რაღაცნაირად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ. მინისტრები თუ აქამდე ამბობენ, რომ ეს არის უბრალოდ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, გაუგებარია ამ შემთხვევაში კობახიძე თავის გუნდის წავრისგან განსხვავებით ასეთ განცხადებას როცა აკეთებს. მე მგონია, რომ ეს ნამდვილად იყო ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, რომელიც შემდგომში უფრო ფართო მასშტაბიან ამბავში გადაიზარდა. რეალობა ისეთი იყო, რომ წყალგამყოფი ხაზი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებსშორის იყო ეთნიკური ნიშანი. ერთ მხარეს იყვნენ ეთნიკური ქართველები, მეორე მხარეს ეთნიკური აზერბაიჯანელები. თითქმის ერთი თვეა გასული და ამდენი ხნის მერე, ასეთი განცხადება, რომელიც თამამი განცხადებაა, ვფიქრობ პრობლემის აღიარებაცაა, რომ იქ იყო ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც რა თქმა უნდა, იყო ყოფით ნიადაგზე დაწებული, მაგრამ თუ ამისი აღიარება ხდება, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი, მაშინ მნიშვნელოვანია სახლმწიფო უწყებებმა იმუშაონ, ეს ბარიერები და არსებული დაძაბულობა გავანეიტრალოთ და უფრო ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ ადგილზეც და ეროვნულ დონეზეც, რომელიც ხელს შეუწყობდა ეთონსთა შორის კომუნიკაციას, ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის ყოფით ნიადაგზე, ყოველდღიურ რეალობაში“

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი შეფასება ირაკლი კობახიძის მხრიდან გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდიოდა მანამდე მინისტრების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებთან.

„თავად ამ ფიგურების შეფასებები თავშივე იყო პრობლემური. იმიტომ, რომ მათ პრობლემის რედუცირება, დავიწროება გააკეთეს. საუბრობდნენ, რომ ეს მხოლოდ ყოფით ნიადაგზე გაჩენილი კონფლიქტი იყო, თუმცა იმ ფონზე, როდესაც სპონტანური და ქაოტური ძალადობრივი ინციდენტები ხდებოდა დმანისში და ამ კონფლიქტში ჩართული მხარეები სწორედ ეთნიკური ნიშნით იყვნენ ორგანიზებული, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვალაპარაკებს იმას, რომ ამგავრი დაპირისპირება, რომელიც ნამდვილად ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა, საბოლოოდ ჰქონდა ეთნიკური კონოტაცია და კონტექსტი. ამაზე ლაპარაკი დღეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ ,რომ დავამძიმოთ სიტუაცია, არამედ იმიტომ , რომ ამ საკითხს უფრო კომპლექსურად შევხედოთ და სახელმწიფოს გრძელვადიანი კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, თემთაშორისობის აღდგენაზე და თანამშრომლობაზე მიმართული პოლიტიკა მოვთხოვთ"

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში კონფლიქტი 16-17 მაისს მოხდა.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია