მერიაში კლანის გამყარების პროცესი მიმდინარეობს - როგორ აფასებენ მარნეულის მერიაში მიდინარე ცვლილებებს ოპოზიციონერები
მარნეულელი ოპოზიციონერები მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მერიის სამსახურების უფროსების ცვლილება მეტწილად ნეპოტიზმთანაა დაკავშირებული. რადიო „მარნეულისათვის“ ოფიციალურად დღეს, 5 სექტემბერს, გახდა ცნობილი რომ მარნეულის მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა და ისინი ახალ თანამდებობებს დაიკავებენ. მარნეულის მერს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია. განცხადება არ გავრცელებულია მერიის ოფიციალურ გვერდებზეც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ქველაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მერიაში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა დიდი ინტერესი გააჩინა მოსახლეობაში. ქველაძე მარნეულის მერს საჯარო მიმართვის გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

„ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი რომ მარნეულის მერიაში ნეპოტიზმია გამეფებული და ასევე კატასტროფული დასკვნა იქნა დადებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ასევე შესაძლებელია აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება განპირობებული იყოს შიდა დაპირსპირებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა საჯაროდ გააკეთოს განმარტება თუ რა მიზნით მოხდა სტრუქტურული ცვლილება და რა მიზეზით იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული რამოდენიმე სამსახურის უფროსი, აგრეთვე გააკეთის საჯარო მიმართვა მოსახლეობისთვის რა გეგემები აქვს შემდეგში როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებთან მიმართებაში. უზრუნველყოს კანონით დაკისრებული მოვალეობა და მისი საქმიანობა გახადოს უფრო საჯარო მოსახლეობისთვის“. - აცხადებს ლაშა ქველაძე

ევროპული საქართველოს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მერიაში არა სტრუქტურული ცვლილებები, არამედ კლანების გამყარების პროცესი მიმდინარეობს.

„მე როგორც გავიგე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გადადის მერის თანაშემწედ, ფინანსური სამსახურის უფროსი გადადის მერის თანაშემწედ და მათ ადგილას ეხლა ამირან გიორგაძე და მათი კლანი ახალ პირებს დანიშნავენ უფრო კლანურად და მარტივად რომ მართონ ჩვენი ბიუჯეტი, რომ მოიპარონ, მიითვისონ, ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. უნდათ, რომ მათთვის უფრო ახლო და სანდო პირები დანიშნონ იმ ადგილებში სადაც არის შესაძლებლობა რომ კორუფციული სქემებით მიითვისონ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მე არ მჯერა და არ მგონია, რომ იქ, განთავისუფლებულ ადგილებში, დანიშნონ ისეთი პირები ან ისეთი ადამიანები რომლებიც იქნებიან ნამდვილი კონკურენციით გამოვლენილი. წესით ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურენციაში და დაიკავოს თანამდებობა, მაგრამ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არ იქნება“.

ევროპული საქართველოს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, რომელიც ახლა მერიაში მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ცხოვრება უარესობისაკენ შეცვლრბა.

რადიო „მარნეულს“ თანამდებობის შეცვლა ოფიციალურად მერიის ორი სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა დაუდასტურა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მერის თანაშემწე გახდა, ხოლო სოციალური სამსახურის უფროსი გიორგი მეურმიშვილი სამხედრო აღირცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს უხელმძღვანელებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები