მერიამ ავტომობილის შესაძენად 51 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვისათვის 51 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა უთხრა, მანქანას შპს „სოფწყალისთვის“ სოფლებში მონიტორინგის განსახორციელებლად იძენენ.

„ეს იქნება პიკაპი, "სოფწყალის" მონიტორინგის სამსახურისთვის. სოფლებში რომ გადიან ხოლმე, წყლის სისტემების მონიტორინგისთვის“ - თქვა ნავერიანმა

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ავტომობილის რამდენიმე მახასიათებელი ასეთი უნდა იყოს:

  • საწვავის ტიპი: დიზელი.
  • ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2,2 - არაუმეტეს 3,0.
  • ავტომანქანის ტვირთამწეობა - არანაკლებ 1000 კგ.
  • კაბინა -ორმაგი, არანაკლებ 6 მგზავრისათვის (მძღოლის ჩათვლით).
  • კარის რაოდენობა - 4 (ოთხი).
  • საჭე - მარცხენა, ჰიდროგამაძლიერებლით.
  • ფერი - თეთრი.
შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, გამოშვებული არაუადრეს 2022 წელს. მიმწოდებელმა მიწოდებისთანავე უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაცია (სახელმწიფო ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობა) საკუთარი ხარჯებით.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 2-5 იანვრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება ავტომობლი მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები