რა ქონებას ფლობენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს. ტარიელ მამედოვი, როვშან ისკანდაროვი და რიჩარდ გიგანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად 2021 წლის დეკემბერში დაინიშნენ.

ტარიელ მამედოვი თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 2022 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნებეული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამედოვის სახელზე რეგისტრირებულია სამი მიწის ნაკვეთი სოფელ ყიზილაჯლოში, ერთი მიწის ნაკვეთი ქალაქ მარნეულში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე და ერთი კომერციული ფართი ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფელ ყიზილაჯლოში 61 545 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2017 წელს გაცვლის შედეგად მიიღო. ვაჟა ფშაველას ქუჩაზე არსებული 372 კვ.მ მიწის ნაკვეთი მან 2016 წელს 3 000 ლარად შეისყიდა, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე არსებული 88,70 კვ.მ კომერციული ფართი 2017 წელს 7 500 ლარად შეიძინა. 2021 წლის განმავლობაში მამედოვმა საკრებულოდან ხელფასის სახით 18 761 ლარი და 16 თეთრი აიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე, რიჩარდ გიგანი არც მოძრავ და არც უძრავ ქონებას ფლობს. მისი მეუღლე ნანა გიგანი კი სოფელ თამარისში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელია, რომელიც მან 2021 წელს ჩუქებით მიიღო. ნანა გიგანის სახელზეა რეგისტრირებული ქალაქ მარნეულში ფიროსმანის ქუჩაზე არსებული 783 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2018 წელს 5 000 დოლარადაა შეძენილი. 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რიჩარდ გიგანმა 2021 წლის 28 აპრილიდან 2021 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, მარნეულის საკრბეულოდან, ანაზღაურების სახით 30 408 ლარი მიიღო. რიჩარდ გიგანის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარნეულის საკრბეულოში სპეციალისტის თანამდებობაზე ხელშეკრულებით აყვანილია მისი შვილი მამუკა გიგანი, რომელმაც 2021 წლის 21 აპრილიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის სახით 10 120 ლარი მიიღო.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, მათ მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე მეტ ქონებას როვშან ისკანადროვი ფლობს. მის სახელზე რეგისტრირებულია სამი მიწის ნაკვეთი სოფელ სადახლოში, ერთი საცხოვრებელი სახლი ასევე სოფელ სადახლოში და ორი ბინა ქალაქ თბილისში. ისკანდაროვის სახელზე ასევე რეგისტრირებულია 7 მოძრავი ქონება. როვშან ისკანდაროვი სოფელ სადახლოში 4 134 კვ.მ და 4 026 კვ.მ მიწის ნაკვეთების და 1 260 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 16,66-16,66%-იანი წილის მფლობელია. 2016 წელს მან ჩუქების სახით ამავე სოფელში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო, ქონებრივ დეკლარაციაში არაა მითითებული მჩუქებლის ვინაობა. 2016 წელს როვშან ისკანდაროვმა თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 58,56 კვ.მ ბინა 37 000 დოლარად, ხოლო 2018 წელს ტაშკენტის ქუჩაზე არსებული 57,09 კვ.მ ბინა 49 000 დოლარად შეიძინა.
ისკანდაროვის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ტექნიკიდან სამი სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა, ხოლო ოთხი მსუბუქი ავტომანქანაა. 2009 წელს ისკანდაროვმა ორი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 10 000 და 12 000 დოლარად შეიძინა, კიდევ ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მან 2018 წელს 10 000 დოლარად იყიდა. 2019 წელს მან BMW X6 XDRIVE-ში 30 000 დოლარი გადაიხადა, 2020 წელს 10 000 დოლარად შეიძინა „ვაზ ლადა 21214“, 2016 წელს 5 000 დოლარი გადაიხადა ფორდ ტრანზიტში, ხოლო 2021 წელს 7 000 დოლარად შეიძინა „Nissan Juke 2013“. ისკანდაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრის თვეში მან ხელფასის სახით საკრეულოდან 2 569 ლარი აიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები