მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სატელევიზიო მომსახურების
შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში კვლავ „მარნეული ტვ“-მ
გაიმარჯვა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 99 800 ლარის ღირებულების სატელევიზიო
მომსახურების შესყიდვის ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა.
ტენერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ „მარნეული ტვ“-მ მიიღო და
მერიას მომსახურების შესრულება 99 800 ლარად შესთავაზა. სატენდერო
წინადადებაში გაწერილია, თუ რა მომსახურება უნდა შეასრულოს მარნეულის
ტელევიზიამ 2023 წლის განმავლობაში.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი
აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში ქართულ და
აზერბაიჯანულ ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30
წამისა) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი მოადგილეების, ან/და საკრებულოს
თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების, ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და
სამსახურის ან/და განყოფილებათა ხელმძღვანელების ანგარიშების,
ბრიფინგების, (მერიიდან ან/და ტელევიზიიდან) გასვლითი და ონლაინ
აქტივობების, საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული
და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების
და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ტრანსლირება.
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით),
ანგარიშების, ან/და მერის, მისი მოადგილეების თათბირების, ანგარიშების
განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული, ქრონომეტრაჟით,
არანაკლებ 10 წუთისა, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ
ენაზე;“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში
სატელევიზიო მომსახურების შესყიდვის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის
მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართელობამ მარნეულის ტელევიზია ტენდერში
გამარჯვებულად 8 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო კომისიის სხდომის
ოქმის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტელევიზიასთან ხელშეკრულების
მომზადების პროცესი.
მარნეულის მერიამ გასულ, 2022 წელს, აღნიშნული სახის ტენდერი 145 000
ლარად გამოაცხადა, ხოლო 2021 წელს სატელევიზიო მომსახურების ტენდერის
ღირებულება 95 800 ლარი იყო. გასულ წელს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ
განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში სატელევიზიო მომსახურების
ტენდერის თანხის ოდენობის მატება საეთერო დროსი გაზრდილმა რაოდენობამ
გამოიწვია. განმატა, რომ 2021 წელს გამოვლინდა, რომ ლაივ ტრანსლაციები
და საეთერო დროები, რომელიც მერიამ კონტრაქტით შეიძინა საკმარისი არ
იყო, მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირებისათვის კი გაზრდილი საეთერო
დრო იყო საჭირო, რამაც სატენდერო ღირებულების გაზრდაც გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სატელევიზიო
მომსახურეობის თანხებს 2018-2020 წლებში ეტაპობრივად ზრდიდა.
მაგალითად, 2018 წელს იგივე მიზნებისთვის 72 000 ლარიანი ტენდერი,
2019 წელს 86 000 ლარიანი, ხოლო 2020 წელს 125 640 ლარიანი ტენდერი
გამოცხადდა.
ბოლო წლების განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ
სატელევიზო მომსახურების შესყდვის ტენდერებში "მარნეული ტვ"
უკონკურენტოდ იმარჯვებდა.