მეზობელი მუნიციპალიტეტების განსხვავებული პრაქტიკა - ბოლნისის და მარნეულის სათემო ორგანიზაციები
საქართველოს მასშტაბით 3 600 სოფლიდან სათემო ცენტრი, დაახლოებით, 250-ში ფუნქციონირებს. სათემო ცენტრების მთავარი დანიშნულება ადგილობრივი თემის პრობლემებზე მუშაობა და მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ერთგვარი დამაკავშრებელი რგოლის შექმნაა. სათემო ცენტრები ფუნქციონირებს მარნეულსა და ბოლნისშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისი და მარნეული მეზობელი რაიონებია, სათემო ორგანიზაციების შექმნისა და ფუნქციონირების პრაქტიკა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მიშველიანის ინიციატივით, 6 სათემო ცენტრი დაარსა. ბოლნისი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო „მარნეულს“ სათემო ცენტრების გადაღებაზე უარი განუცხადეს და ჩვენთან კომუნიკაციას მხოლოდ წერილობითი ფორმით დათანხმდნენ. ბოლნისის მერიისაგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სათემო ცენტრები გახსნილია ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, ნახიდურში, ქვემო ბოლნისში, ტალავერსა და დარბაზში.

„სათემო ცენტრებში ხორციელდება ჯანსაღი ცხოვრების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების, განათლების მნიშვნელობისა და საჭიროების, სახელმწიფოს შენებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მისი მნიშვნელობის აქტიური პროპაგანდა; ხდება ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს ჩვენს ერთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მეტად დაახლოებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. - აღნიშნულია ბოლნისის მერიის მიერ რადიო „მარნეულისათვის“ გამოგზავნილ წერილში

მიუხედავად ბოლნისის მერიის უარისა გადაგვეღო სათემო ცენტრები და ადგილზე გაგვერკვია მათი მუშაობის პრაქტიკა, ჩვენ შევძელით ჩაგვეწერა ბოლნისის სათემო ორგანიზაციების განვითარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ წარმომადგენელი და ნახიდურის სათემო-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებულ ტრენინგს დავსწრებოდით.

ამ ეტაპზე ბოლნისის სათემო ცენტრების ფინანსურ უზრუნველყოფას მთლიანად მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ბოლნისის მერიისაგან მიღებული ოფიციალური ინფომაციის მიხედვით, 2021 წელს სხვადასხვა ტრენინგებში, აქტივობებში, ინვენტარსა და ტექნიკაში გაიხარჯა დაახლოებით 14 000 ლარი. 2022 წელს მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით 4 სათემო ცენტრში, ნახიდურში, ტალავერში, ქვემო ბოლნისსა და დარბაზში გაიხსნა ქართული ენის კურსები, რომლის ბიუჯეტმაც ჯამურად დაახლოებით 35 000 ლარი შეადგინა, ხოლო ლოჯისტიკური და სხვადასხვა აქტივობების უზრუნველყოფისთვის გაიხარჯა დაახლოებით 8000 ლარი.

„სათემო განვითარების ცენტრის“ გამგეობის წევრი ანა მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლებში სათემო ორგანიზაციების არსებობა მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ შემთხევაში როდესაც მას სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა, მარგველაშვილი იმ გამოწვევებზეც საუბრობს რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ცენტრების შემთხევაში შეიძლება შეიქმნას.

„სათემო ცენტრი ნიშნავს რომ ეს არის ცენტრი ყველასათვის. სულერთია ის რა პოლიტიკური განწყობისაა, სულერთია მისი კუთვნილება სხვადასხვა ჯგუფის მიმართ რადგან თუკი მე, მუნიციპალიტეტი, დავაფუძნებ სათემო ცენტრს ეს იმას ნიშნავს, რომ მე იქ ვდებ ბიუჯეტის ფულს, ბიუჯეტი კი ყველასია. მაშინ უკვე სერვისების მიღების კუთხით არანაირი დიფერენციაცია არ უნდა ხდებოდეს. ეს მე ჰაერიდან არ მომაქვს და ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან პრობლემური საკითხია. მე კონკრეტულად ბოლნისზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ შექმნილ ცენტრებში ნამდვილადაა ეს პრობლემა, რადგან ჩვენ დაბალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა ვართ და მე შეიძლება კარი გავუღო მხოლოდ იმას, ვისაც მაწყობს რომ გავუღო“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისაგან განსხვავებით, სადაც სათემო ცენტრები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაიხსნა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო ცენტრების გახსნა სოფლებში მომუშავე აქტიური მოქალაქეების ინიციატივითა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მოხდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მინიმალურადაა ჩართული ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების განვითარებაში. კონკურსი ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის, რომლის ფარგლებშიც 2021 წელს სხვადასხვა პროექტები დაფინანსდა, ის იშვიათი გამონაკილისია რომელიც მარნეულის მერიამ სათემო ორგანიზაციეების განვითარების კუთხით განახორციელა. მსგავსი პროექტი 2022 წელს აღარ განხორციელებულა. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლინდა ხარვეზები და ახალი კონკურსი მხოლოდ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ გამოცხადდება.

„აქაც უნდა შევხედოთ ორი მხრივ. თვითონ იდეას მივესალმები და გრძელვადიან პერსპექტივაში, პრაქტიკა როდესაც მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს პროექტების განსახორციელებლად ძალიან კარგი იქნება. ჩვენთან საფრთხე ჩნდება და არის ხოლმე კრიტიკა, როდესაც მუნიციპალიტეტი დაიწყებს გრანტის გაცემას, რომ ისინი მხოლოდ თავისიანებს დააფინასნებენ. სიმართლე გითხრათ, არის ეს რისკი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯობია დავიწყოთ და ნელ-ნელა ვისწავლოთ და ვაკრიტიკოთ და ამისათვის დამოუკიდებელი მედია იყოს რომელიც მონიტორინგის როლს შეასრულებს და ხმამაღლა ისაუბრებს გამოწვევებზე, ვიდრე საერთოდ არ დავიწყოთ და ვერასოდეს ვისწავლოთ,“ - ამობს ანა მარგველაშვილი.

მარგველაშვილის განცხადებით, ძალიან მიშნველოვანია სათემო ორგანიზაციების არსებობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებში. „სათემო განვითარების ცენტრის“ გამგეობის წევრს კარგ მაგალითად მოჰყავს მარნეულში მომუშავე ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, რომელსაც მისი თქმით თემის განვითარებაში დიდი როლი აქვს.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ სულ 7 სათემო ორგანიზაციას აერთიანებს, ექვსი მარნეულში, ხოლო ერთი გარდაბანშია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ სოფლებში სათემო ორგანიზაციების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია თემის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების სწორი და სწრაფი გადაჭრისათვის.

„სათემო ცენტრის პირველი დამფუძნებელი არიზ დაშდამიროვია. 2015 წელს დავაფუძნეთ სოფელ მოლაოღლში და ეს არის ქვემო ქართლის რეგიონში პირველი სათემო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია სათემო ცენტრების სოფლებში არსებობა რადგან სოფლები ცენტრიდან ძალიან მოშორებით მდებარეობს. ტრანსპორტი არ დადის საზოგადოებრივი და ხშირ შემთხვევაში ხალხი სერვისების მისაღებად ვერ ჩადის მარნეულში და პირდაპირ მოდიან ჩვენთან. ჩვენ ვემსახურებით სოფლის მოსახლეობას უსასყიდლოდ. ხალხი მოდის ძირითადად განცხადების დასაწერად, პირადობის ბარათის დასაქსეროქსებლად, თარგმნისათვის, ასევე აქ არის ინტერნეტი, წიგნებია ანუ ყველანაირად ვემსახურებით სოფლის მოსახლეობას“.

გარდა თავშეყრის სივრცისა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დახმარების მიღება, „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ სხვა მიმართულებითაც მუშაობს, რათა თემში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ქამრან ეფენდიევის განმარტებით ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არაფორმალური განათლების მიღება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის პრობლემების გაჟღერება და ადვოკატირების კამპანიების ჩატარება. ამ მიმართულებით ახალი აზროვნების ინსტიტუტს აქვს უამრავი წარმატებული პროექტი, რომლითაც განხორიცელდა გზების მოასფალტება, გარე განათების მოწყობა, ნარჩენების პრობლემის მოგვარება, სოფელ ხულდარაში სკვერის მოწყობა და ა.შ. ამ მიმართულებით სოფელში არსებულ პრობლემებზე ხშირად გვაქვს ადვოკატირების კამპანიები. მეოთხე მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, არის ქალების გაძლიერება. ძალიან წარმატებული ქალები გვყავს რომლებიც იყვნენ დიასახლისები და ახლა 30 ქალი თავისი ბიზნესითაა დაკავებული და კარგ საქმეს აკეთებს, თავისი წვლილი შეაქვს ოჯახის და თემის განვითარებაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა თემში, ყველა სოფელში უნდა იყოს სათემო ორგანიზაციები და ეს უნდა იყოს თვითმმართველობასა და სოფლის მოსახლეობას შორის შუამავალი ხიდი“.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განმარტებით, ორგანიზაცია სამომავლოდ აპირებს უფრო გაფართოვდეს და ცენტრები ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროში, მარნეულისა და გარდაბნის სხვა სოფლებშიც გახსნას.

ანა მარგველაშვილი იმ კვლევის შედეგებზე გვესაუბრობა, რომელიც „სათემო განვითარების ცენტრმა“ სათემო ორგანიზაციების სოციალური გავლენის გამოსაკვლევად ჩაატარა. კვლევა რომელიც 2021-2022 წლებს მოიცავს აჩვენებს რომ, იმ სოფლებში სადაც სათემო ორგანიზაციები მუშაობენ შედარებით მაღალია მოსახლეობსი ჩართულობა თემის პრობლემების მოგვარების საქმეში..

„მე ვინატრებდი, რომ საქართველოში თითო სოფელში თითო ასეთი ჯგუფი არსებობდეს. ჩვენი კვლევა შეეხებოდა დასახლებებს სადაც 10 000 მოსახლეზე ნაკლებია და როდესაც ჩვენ ფოკუს ჯგუფებს ვატარებდით ისინი ამბობდნენ, რომ მეზობელი სოფლები, სადაც არაა მსგავსი ცენტრები, შენატრიან ჩვენს სოფელს, ისინი აქ მოდიანო. იმდენად მნიშვნელოვანია ადგილზე ალტერნატიული სივრცის განვითარება, იმდენად არაფერი არ ხდება სოფლებში რომ ცხადია ესეთი გამონათებები ნამდვილად კარგი გავლენის მომხდენია თემზე“.

ანა მარგველაშვილის განმარტებით, სათემო ჯგუფების შექმნა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდისა და პრობლემების მოგვარების მიზნით ხდება. პრობლემების მოგვარება კი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმარძთველობის ჩართულობის გარეშე ნაკლებადაა შესაძლებელი. ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რასთან ბრძოლაც სათემო ორგანიზაციებს უწევთ სწორედ სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელი პრობლემებია, მაგრამ სახელმწიფო ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ახდენს ამ პრობლემების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები