მარნეულის მერიამ იფთარის სუფრა 18 195 ლარად გაშალა
13 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამაზანის თვესთან დაკავშირებით იფთარის ვახშამი გამართა. იფთარის ვახშამის გამართვისათვის მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ელჩინ ალიევთან გააფორმა.

„მოგახსენებთ, რომ რამაზანის მარხვა მნიშვნელოვანია ყოველი მუსლიმისთვის. ამა წლის 13 აპრილს, ტრადიციულად გაიმართება იფთარის სუფრა, რომელსაც დაესწრება 280–290 მოწვეული სტუმარი.
გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს, რათა განახორციელოს ვახშამის ორგანიზების მომსახურეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

280-290 ადამიანზე გაშლილ სუფრაში მარნეულის მერიამ 18 195 ლარი გადაიხადა. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე 26 აპრილს გამოაქვეყნა.

მარნეულის მერიის მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იფთარის ვახშამზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე კაზიმ კარტალი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, მუფთი ეტიბარ ემინოვი, ჰაჯი აზიზ ნაბიევი, სასულიერო პირები, მარნეულის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაშლილ იფთარის სუფრას მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები