როგორ იმუშავებს მერია რემონტის პირობებში
მარნეულის მერიის რეაბილიტაცია დაიწყეს. გადაკეტილია მთავარი შესასვლელი და დაცლილია საკანცელარიო ოთახი. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, სამუშაო პროცესი არ იქნება მოსახლეობისათვის შემაფერხებელი და მათ ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ სერვისების მიღება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, ბექა აბდელანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ თვითმმართველობას ორი სათადარიგო კარი აქვს, საიდანაც თანამშრომლების და მოსახლეობის შესვლაა შესაძლებელი. კანცელარია დროებით მუშაობას კვლავ პირველ სართულზე, სხვა ოთახში აგრძელებს.

„ამ ეტაპზე საკანცელარიო მომსახურება სხვა ოთახშია. ორი სათადარიგო კარები აქვს მერიის შენობას და დროებითი პანდუსი მოეწყობა ერთი მხრიდან, რომ შშმ პირებს არ შეექმნათ შემოსვლის პრობლემა. რაც შეეხება ცენტრალურ შესასვლელს, კანცელარიის ოთახი გამოდის ღია სივრცეში, რომ მოქალაქეებსაც მისაწვდომობა უფრო მარტივი და კომფორტული იყოს. მანამდე კი იქვე პირველ სართულზე იქნება კანცელარია, რათა მოქალაქეების მიღება, კანცელარიის წერილები და სხვა რამე არ შეფერხდეს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.“ - თქვა ბექა აბდელანმა.

მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 315 000 ლარი დაჯდება.

პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.

პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.

ამავე თემაზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი მეშვიდე ცდაზე შედგა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები