ზოგმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა სხვისი რელიგიისა და რწმენის პატივისცემა - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს მუსლიმი თემის შევიწროვების გამო. სამმართველოში ამბობენ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ჯერ ისევ არ ისწავლა სხვების რელიგიისა და რწმენის პატივისცემა.

გთავაზობთ სამმართველოს განცხადებას:

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მუსლიმების მიმართ ზოგიერთი ძალის მხრიდან ზეწოლა ყველასთვის შოკისმომგვრელი და სამწუხარო ამბავი იყო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის ზოგიერთმა მოქალაქემ ჯერ ვერ ისწავლა სხვების რელიგიისა და მრწამსის პატივისცემა.

ყველა საუბრობს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, ადამიანურ ღირებულებებსა და შემწყნარებლობაზე, მაგრამ პრაქტიკაში პირიქითაა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ყველა მოქალაქის რელიგიურ უფლებებს, ქვეყნის მუსლიმები კვლავ დისკრიმინირებული არიან მათი რელიგიური მრწამსის, რწმენისა და ლოცვის გამო. მათი უფლებები ირღვევა.

არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური თვისებების შეძენით, შემწყნარებლობითა და ასევე ერთმანეთის პატივისცემით შეიძლება პროგრესული ქვეყნის აშენება. ყველა შეგნებული არსებისათვის ნათელია, თუ რამდენად საზიანოა სიძულვილი, მტრობა და განხეთქილება, უთანხმოების და სიძულვილის თესლის თესვა ყველაფრისა და ყველას მიმართ.

ისლამის რელიგია და მუსლიმები საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი და მუდამ წვლილი შეჰქონდა ქვეყნის წინსვლაში, კულტურაში და დღესაც განაგრძობს.

ცნობილია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის, რწმენის, სექტისა და კულტურის არსებობა ამ ქვეყნის სიმდიდრედ ითვლება.

ამიტომ ისლამისა და მუსლიმების მიმართ სიძულვილის ენა ჩვენს ქვეყანაში უნდა მოიხსნას.

ყველამ უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.

ქვეყანაში ეროვნული თუ რელიგიური ნიშნით კონფლიქტის შექმნა, უმცირესობების დისკრიმინაცია, ასევე ქმნის უარყოფით აზრს ჩვენი ქვეყნის შესახებ. არავინ არ უნდა დაუშვას ეს.

ამ საკითხში მთავარი და დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ჩვენ, თავის მხრივ, მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობისკენ.

ღმერთმა დაიფაროს ჩვენი საქართველო!".


ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. 8 მარტს ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირება მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ, რასაც მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები აპროტესტებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები