რუსულ კანონს ზაურ დარგალიც დაუჭერს მხარს
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის რომლის ხმაც განსაზღვრავს მიიღებენ თუ არა საქართველოში ე.წ რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელით უკვე დაინიცირდა და მოსმენები რამდენიმე დღეში დაიწყება.

დავინტერესდით, ზაურ დარგალი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აპირებს თუა არა კანონის მხარდაჭერას, ფიქრობს თუ არა რომ, რუსული კანონის
მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამორიცხავს და რამდენადაა სამართლიანი "ქართულ ოცნების" პირობის გატეხა პარლამენტში კანონის ხელმეორედ ინიციირების შესახებ.

ზაურ დარგალთან ინტერვიუს ჩაწერა დღეს, 10 აპრილს, 13:53- საათიდან ვცადეთ, პარლამენტარმა ჩვენს ზარს უპასუხა, მას შემდეგ რაც გავეცანით და საკითხი ვუთხარით, დარგალმა გვითხრა, რომ საჭესთან იყო, შეხვედრაზე მიდიოდა და ვერ გაგვესაუბრებოდა. ინტერვიუ მასთან სამ საათიანი ინტერვალის შემდეგ ჩავწერეთ.

დარგალი ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს, კანონს, რომელიც პარლამენტშია ინიციირებული და მისივე აზრით, რუსულ კანონთან არანაირი შეხება არ აქვს. დარგალი კვლავ „ქართული ოცნების“ ნარატივს იმეორებდა ჩვენს კითხვებზე, თუ როგორ უნდა იყოს მედიაორგანიზაციები მეტად გამჭვირვალე მაშინ, როდესაც მათ ყოველწლიურად უწევთ ანგარიშის ჩაბარება იმის შესახებ, თუ რა გრანტებს იღებენ და რა მიზნით ხარჯავენ თანხებს და ისინი აუდიტის მეშვეობითაც მოწმდებიან.

„საქმე ეხება გამჭვირვალობას, სადაც ის ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან წელიწადში ერთხელ უნდა შეავსონ დეკლარაცია. როგორც მე, პოლიტიკოსი, ვარ პასუხისმგებელი მოსახლეობის წინაშე და ვავსებ ამ დეკლარაციას წელიწადში ერთხელ, უნდა შეავსონ დეკლარაცია და ანახონ მოსახლეობას რაზე ხარჯავენ იმ თანხებს, რომლებსაც იღებენ. ახლა მე მაქვს თქვენთვის შეკითხვა, შეზღუდვას რაში ხედავთ ამაში და რუსულს რას ხედავთ?“.

რატომ არის ეს კანონი რუსული? - ეს კითხვა დეპუტატმა ჩვენ დაგვისვა. თუ რატომაა კანონი რუსული, განმარტებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელი საბა ბრაჭველი „რეალურ სივრცეში“ აკეთებს - „ის ადამიანები, რომლებიც ამ კითხვას არაკეთილსინდისიერად სვამენ, მათ ძალიან კარგად იციან თუ რა აქცევს ამ კანონს რუსულად. აქცევს ის, რომ მასში არ არის ორი ჩამკეტი მექანიზმიდან არც ერთი. ნებისმიერი დემოკრატიული, ევროპული, ტიპის სახელმწიფოს, აშშ იქნება, ავსტრალია თუ სხვა სახელმწიფო ევროპის მიღმა აქვს ამ ორი ჩამკეტი მექანიზმიდან ერთ-ერთი მაინც, ჩვენ კანონში ამ ორი ჩამკეტი მექანიზმიდან არც ერთი არ არის“.

საბა ბრაჭველის განმარტებით, პირველი ჩამკეტი მექანიზმი შეეხება იმ ქვეყნების ჩამოთვლას, რომლებიც საქართველოსთვის მტრულად არიან განწყობილები - ოცნების რუსულ კანონში ეს ქვეყნები ჩამოთვლილი არაა - ხოლო მეორე მექანიზმია შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით, როდესაც კანონი ლობისტურ საქმიანობას ეხება - ოცნების რუსულ კანონში ეს საქმიანობა ჩამოთვლილი არაა და კანონი ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაზე ერთნაირად გავრცელდება.

"ნებისმიერი ევროპული, დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს, აშშ იქნება, ავსტრალია თუ სხვა სახელმწიფო ევროპის მიღმა აქვს ამ ორი ჩამკეტიდან ერთ-ერთი მაინც. ჩვენს კანონში კი არც ერთი არ არის. პირველი ეს მექანიზმი არის ჩამოთვლა იმ ქვეყნებისა, რომლის წინააღმდეგაც არის ეს კანონი მიღებული. მაგალითისათვის, საფრანგეთში იღებენ ამ კანონსო, ხომ? საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების წინააღმდეგაც იღებენ ამ კანონს. ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი. იქ დათქმაც დევს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ეს არ გავრცელდება. ჩვენთან მაშინ ჩაიდოს კანონში ასეთი ჩამკეტი მექანიზმი , რომ ამას ვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ ან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ ვაყენებთ რუსეთს და ევროპას ერთ სიბრტყეში. გამოდის, რომ ევროკავშირს ვეუბნებით ისინი ისეთივე უცხოები არიან ჩვენთვის, ისეთივე მტრულები არიან როგორც რუსეთი . მეორე ჩამკეტი მექანიზმი რომლის გამოყენებაც შეიძლება არის საქმიანობის სახით შეზღუდვა ამ კანონის მოქმედებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ ჩამოთვლის შეიძლება მეგობრულ ან არამეგობრული ქვეყნების სიას, მოქმედებს შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. ეს კანონი ეხება ხოლმე ლობისტურ საქმიანობას და არავითარ შემთხვევაში მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს". - ამბობს საბა ბრაჭული


„ეს სუფთად გამჭვირვალობის საკითხია, რომლის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში“ - განაცხადა ზაურ დარგალმა, მაგრამ აღარ მოისურვა საუბრის გაგრძელება ევროპული და ამერიკული მაგალითების შესახებ - „მე არ შევალ ახლა ამერიკას, ევროპას და იქ არის, აქ არის თემაში. ამერიკას თავისი სპეციფიკა აქვს, ევროპას თავისი სპეციფიკა აქვს, კანადას თავისი სპეციფიკა და შიდა წესები აქვს. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, ასევე ხელისუფლება, პირდაპირ ვართ პასუხისმგებელი მთელი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც ვიძახით, რომ ვართ დემოკრატიული, გამჭვირვალე და მივდივართ ევროპისკენ, მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი არის ზუსტად ამ ჩარჩოებში, რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და დემოკრატიის გაძლიერებას“.

ევროკავშირის წევრი და საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და გაერთიანებების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის განმეორებით ინიციირების შესახებ, რაზეც ზაურ დარგალი ამბობს, რომ განვითარებული ევროპული ქვეყნების ლიდერები „ქართული ოცნების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა მოატყუეს.
ზაურ დარგალი კვლავ განაგრძობდა „ქართული ოცნების“ ნარატივის განმეორებას და გვარწმუნებდა, რომ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ მედიას რუსული კანონი დისკომფორტს არ შეგვიქმნიდა. რეალურად, რუსული კანონი სწორედ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული.

"ჩვენი კანონი ზუსტად იმიტომ არის რუსული, რომ მიყვება რუსულ ყაიდას. ეს ყაიდა ნიშნავს იმას, რომ არ გამოიყენოს არცერთი ჩამკეტი მექანიზმი და პირიქით დაარტყას მედიას დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ, იმიტომ რომ ევროკავშირს ამაზე უფრო მსუბუქი კანონი უნგრეთში გაუქმებული აქვს. პირდაპირ ვიცით, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. როგორ მიგვიღებს ევროკავშირი მასთან შეუსაბამო სამართლებრივი კანონებით, შეუძლებელია ეს". - ამბობს საბა ბრაჭველი

ზაურ დარგალი პარლამენტარობამდე მუშაობდა რადიო „მარნეულში“, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა (USAID) და ახალგაზრდულ ცენტრში. რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა დეპუტატს სამჯერ დაუსვა კითხვა, იყო თუ არა დარგალი უცხოური გავლენის მატარებელი მაშინ, როდესაც ის რადიო „მარნეულში“ მუშაობდა - დარგალმა ამ კითხვებს სამივეჯერ თავი აარიდა.



„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. მაშინ ზაურ დარგალმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია.

კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.

კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები