რატომ ამბობენ მარნეულელი ახალგაზრდები "არა რუსულ კანონს"
"რუსული კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრაციას"; "კანონი შეზღუდავს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენ განვითარებაში გვეხმარება"; "ეს ჩვენს განვითარებას აზარალებს" - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს მარნეულელი ახალგაზრდები.

სონა ორუჯოვა, ბაირამ მამედოვი, აიგუნ მიკიევა და ელჩინ ისმაილოვი რადიო "მარნეულთან" საუბრობენ, თუ რა ზიანს მოიტანს რუსული კანონი და რატომ შეუშლის ის ხელს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს განვითარებაში. აღნიშნავენ, რომ კანონი არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინეტერსების დაცვისაკენაა მიმართული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში მცხოვრები სონა ორუჯოვა აცხადებს, რომ რუსული კანონი ევროპისაკენს ნაბიჯის გადადგმაში შეგვიშლის ხელს.

„ჩვენ ახალგაზრდები, კონკრეტულად კი ეთნიკური უმცირესობები სხვადასხვა პროექტებში როდესაც ვერთვებით ჩვენს ინფორმირებულობას ვზრდით და უფლებების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. გასაგებია, რომ რუსული კანონი ამას წაგვართმევს. ჩვენ ამ შეთხვევაში მომავალში ჩვენს უფლებებს ვერ დავიცავთ და ბევრ შესაძლებლობას დავკარკავთ“.

სონას თქმით, ახალგაზრდების განვითარების და გამოხატვის თავისუფლებისთვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ისე მიღება, თითქოსდა ისინი უცხოური აგენტები არიან შეუძლებელია.

„ამავდროულად, ეს ორგანიზაციები ჩვენთვის მომუშავე ორგანიზაციებია არიან რომელთა დამსახურებაცაა, რომ დღეს ჩვენს აზრებს თავისუფლად გამოვხატავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობენ. მათთვის ასეთი კრიტიკული სახელის დარქმევით ვფიქრობ რომ ბევრი ორგანიზაცია უკან დაიხევს. ეს კი თავის მხრივ ჩვენს განვითარებას აზარალებს. ევროპამ ამდენი შანსი მოგვცა და ამ დროს რუსული კანონის მიღების მიზანი ზუსტად ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაჩუმებაა. ჩემი აზრით, ჩვენ ამ არასწორი არჩევანიდან მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევით და ხმის ამოღებით შეგვძილა გადავრჩეთ“
- ამბობს სონა ორუჯოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარში მცხოვრებმა ბაირამ მამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზღუდავს ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების საქმიანობას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სტანდარტებს და ადამიანის უფლებებს.

„ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის შედეგად მცირდება გამჭვირვალობა და თავისუფლება. უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების საქმიანობის შემცირებით იზღუდება საერთაშორისო კულტურისა და გამოცდილების გაცვლა. კანონის შედეგად იზღუდება უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რაც ხელს უშლის მათ საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწეობას“.

ბაირამი მიიჩნევს, რომ რუსული კანონმდებლობა ძირს უთხრის ან მთლიანად კრძალავს მის მონაწილეობას სხვადასხვა უცხოურ პროექტებსა და პროგრამებში.

"გარდა ამისა, ჩვენ ვიგებთ ყოველდღიურ სიმართლეს თავისუფალი მედიიდან. თუ კანონი მიიღება, ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი მედიის ყურება მოგვიწევს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ფაქტებს ვერ დავინახავთ. ამ შეზღუდვებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჩემს პიროვნულ განვითარებას, რადგან მრავალ და მრავალფეროვან კულტურასთან შეხება მნიშვნელოვანია ჩემი გამოცდილებისა და განვითარებისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოს სახელმწიფო სრულად ვერ უჭერს მხარს ახალგაზრდების განვითარებას“ - განაცხადა ბაირამ მამედოვმა

ბაირამი ამბობს, რომ კანონის მიღების მცდელობის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის შეზღუდვაა, რადგან მედია და ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს არ ეკუთვნის, მუდმივად ამხელენ მათ შეცდომებს.
პრობლემიდან გამოსავალს ის ღია და გამჭვირვალე დისკუსიასა და ობიექტურ შეფასებაში ხედავს, რათა შეფასდეს ორგანიზაციების მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილი.

რუსულ კანონთან დაკავშირებით, რადიო "მარნეულს" კიდევ ერთმა ახალგაზრდამ თავისი აზრი გაუზიარა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მცხოვრები აიგუნ მიკიევა ამბობს, რომ მას სურს რუსული კანონი არ იქნას მიღებული, იმიტომ რომ ის იცავს რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს.

„ამ კანონს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენი ახალგაზრდების სამომავლო პერსპექტივაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე ან ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ინტერნეტ თავისუფლება. არსებობს საფრთხე, რომ უცხოელი აგენტის სტატუსის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალგაზრდების მოსაზრებებსა და იდეებზე. ეს ნიშნავს ახალგაზრდების აქტიური იდეების არ მიღებას და მათი განვითარების შეზღუდვას. ეს მდგომარეობა უარყოფითად აისახება მთელი ქვეყნის განვითარებაზე და შესაძლოა საზოგადოებაში არაერთი პრობლემა გამოიწვიოს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ გარემოს. ამ კანონის მიღების მიზანია რუსეთის რეპუტაციის ამაღლება და მისი ინტერესების დაცვა“
- განაცხადა აიგუნ მიკიევამ.

მიკიევა გამოსავალს დემოკრატიულ პროცესებსა და საკანონმდებლო პროცედურებში ხედავს. მისი თქმით, ეს იწყება თანამოქალაქეების დემოკრატიული უფლებების დაცვით და სხვადასხვა სოციალური ორგანიზაციის ხმის მოსმენით.

კანონთან დაკავშირებით რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლუში მცხოვრები ელჩინ ისმაილოვიც ესაუბრა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

„ვფიქრობ, რომ არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ახალგაზრდას არ უნდა ეს პროცესი მოხდეს. ამ კანონმა შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჩვენს სიტყვის თავისუფლებას და განათლებას. როგორც ყველამ ვიცით, განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადგილი დასავლეთია და ეს კანონი აშორებს საქართველოს დასავლურ გზას. ბევრი პროექტი და პროგრამა, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული, დასავლური ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთის კანონი სერიოზულ პრობლემას შეუქმნის იმ პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას და განათლებას“.

ელჩინის თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში ვეღარ იფუნქციონირებენ სათემო ცენტრები, რომლებიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების განითარებისათვის მუშაობენ.

„ამ კანონის მიღება მხოლოდ რუსეთისა და მმართველი პარტიის მიზნებს ემსახურება. გამოსავალი შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიერ კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ერთსულოვანი უარყოფა“ - განაცხადა ელჩინ ისმაილოვმა

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გეგმავს „რუსული კანონის“ მიღებას რომელიც 2023 წლის მარტში, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გაიწვიეს. 2024 წლის 17 აპრილს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო და მას მხარი "ქართული ოცნების" 73-მა დეპუტატმა, "ხალხის ძალის" 9 და "ევროპელმა სოციალისტების" ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები, გასული წლის მსგავსად, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონის“ გაუქმებას ითხოვენ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები