განათლების სამინისტროს წინ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ავარიული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოფინეს
პლატფორმა „სალამი“-მ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჯარო სკოლების ფოტოსურათების გამოფენა გამართა. გამოფენაზე ნაჩვენებია მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში არსებული სკოლების ფოტოსურათები.

„პლატფორმა „სალამი“ ვიზიტები განახორციელა ქვემო ქართლის 50-მდე სოფელში და დღევანდელი რეალობით 70-მდე საჯარო სკოლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ვიზიტების დროს ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ საჯარო სკოლების დიდი უმრავლესობა არის ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს რეაბილიტაციას ან
ახალი სკოლის აშენებას“
. - აცხადებს პლატფორმა „სალამი“-ს წევრი აიჰან ჰასანლი

„სალამი“-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჰასანლი სამოქალაქო ინნტეგრაციისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვემო ქართლში სკოლების მხოლოდ 22%-ია რეაბილიტირებული ან გარემონტებული, თუმცა აღნიშნული 22%-დან აზერბაიჯანულენოვანი სკოლების წილი უცნობია

„სტატისტიკის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებისთვის საბავშვო ბაღებზე ხელმისაწვდომობა სამჯერ უფრო ნაკლებია დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, განათლებასთან პირველი შეხება სკოლით იწყება.
განათლების სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ხუთ მუნიციპალიტეტში, კერძოდ გარდაბანში, ბოლნისში, მარნეულში, დმანისში და საგარეჯოში ფუნქციონირებს მხოლოდ 104 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების დიდ ნაწილში საერთოდ არ ფუნქციონირებს საჯარო სკოლა“
- აცხადებს აიჰან ჰასანლი

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში არსებული სკოლების ამსახველი ფოტოების გამოფენა, 13 ივნისს, განათლების სამინისტროს შენობის წინ გაიმართა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google