ევროკავშირის პროგრამის სტიპენდიატი გარდაბანში სამოქალაქო ჟურნალისტიკის სწავლებას იწყებს
„ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელი და ჟურნალისტი მანონ ბოკუჩავა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (Civil Society Fellowships Programme) სტიპენდიატი გახდა.

ეს გამარჯვება მას შესაძლებლობას აძლევს ასწავლოს სამოქალაქო ჟურნალისტიკა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხელი შეუწყოს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

„ თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის გავრცელების უამრავი გზა არსებობს, სამოქალაქო ჟურნალისტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაიღონ და გააშუქონ ის
პრობლემები რაც ლოკალურად, სოფლის თუ დაბის დონეზე აქვთ. იქნება ეს ნარჩენების მართვის საკითხი, სასმელი წყლის პრობლემა თუ სხვა. მათ აქვთ შესაძლებლობა ეს ინფორმაცია სოციალური მედიით გაავრცელონ, მიიპყრონ ყურადღება და ამით ხელი შეუწყონ პრობლემის მოგვარებას. ჩემი იდეაც სწორად ამას ემსახურება, ვასწავლო ინფორმაციის გასაგებად და საინტერესოდ გადმოცემა. ასევე, ფოტო-ვიდეო გადაღების ტექნიკები და მსგავსი დეტალები, რომელიც მათ შრომას უფრო ეფექტურს გახდის. პროექტი მოიცავს სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესახებ ანიმაციური ვიდეოების მომზადებას, საინფორმაციო შეხვედრებს და მენტორობას“,
- ამბობს მანონ ბოკუჩავა.

ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თავად სტიპენდიატი, პროექტის ფარგლებში, ყველა აქტივობას მოხალისეობრივად ასრულებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google