პრობლემების მოგვარება თანამონაწილეობით - „ჩაერთე მართვის“ კლუბი მარნეულში
გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, სატრანსპორტო პრობლემები, მიუსაფარი ცხოველების დაცვა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მარნეულის „ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრები სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ჩაერთე მართვის“ კლუბმა მარნეულში აქტიური მოქალაქეები გააერთიანა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა ფორმით შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა. კლუბის ფარგლებში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ადგილობრივ მოქალაქეებთან, მათ შორის ქალებთან, ახალგაზრდებთან, ხან
დაზმულებთან და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართა აქტივობები სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების დასაიდენტიფიცირებლად და კამპანიის საინფორმაციო ბროშურების გასავრცელებლად, რომელშიც 260-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.

ფიდან ასკეროვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მასწავლებელი და დღის ცენტრის თანამშრომელია. ის „ჩაერთე მართვის“ კლუბში დღის ცენტრის ბენეფიციარებისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით გაწევრიანდა.

„მინდა, რომ სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად ერთად იმუშაონ, ითანამშრომლონ და ასე მოაგვარონ საკითხი. ამისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო აქტიური მოქალაქე, იცოდე ეს ყველაფერი და თუნდაც ჩემი ეს აქტიურობა იყოს მათთვის ერთ-ერთი მაგალითი, რათა მივაწოდო მათ ინფორმაცია და ხელი შევუწყო მათივე ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
ფიდან ასკეროვა
„ჩაერთე მართვის“ კლუბის ფარგლებში ფიდანი და კლუბის სხვა წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტებს შეხვდნენ და მათგან მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეძლეს ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია და საერთო პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. გამოცდილებების გაზიარების შემდგომ ფიდანმა აქტივობა საკუთარ თემშიც დაგეგმა და განახორციელა. ამბობს, რომ პრაქტიკული უნარების განვითარება მისთვის და მისი თემისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„მე შეხვედრა დავაორგანიზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან. ერთად ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც მოსახლეობას აწუხებს, და რაც მთავარია მათ გაიგეს თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ჩართვა და გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ძირითადი აქტივობა გარემოს დაცვის კუთხით იყო და ჩვენი სოფლის, ყიზილაჯლოს, მთავარ პრობლემაზე ვისაუბრეთ - სარწყავი წყლების დაბინძურების საკითხი განვიხილეთ, რაც ადგილობრივებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ერთობლივად გვემსჯელა, თუ რა იყო ამ პრობლემების მოგვარების გზები და „ჩაერთე მართვის“ კოორდინატორმა გააცნო მათ ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ადგილობრივი საკითხების გადაჭრის პროცესში ჩართულობა“. - ამბობს ფიდანი

ფიდანი თვლის, რომ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან შეხვედრის ორგანიზებით და მათთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გზების ახსნით შეხვედრის მონაწილეებმა გააცნობიერეს თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან სწორედ ახალგაზრდებს აქვთ ცვლილებების მოთხოვნისა და ერთობლივი მუშაობის ყველაზე დიდი პოტენციალი.

ფიდანის მსგვასად საკუთარ თემში შეხვედრა ჩაატარა „ჩაერთე მართვის“ კლუბის კიდევ ერთმა წევრმა არამ აკოპიანმაც. არამი წითელსოფლის ახალგაზრდული განვითარების სახლის ხელმძღვანელია და სოფელში ახალგაზრდების და ქალების განვითარებისათვის მუშაობს. არამმა საინფორმაციო შეხვედრა წითელსოფელში მცხოვრებ ქალებთან გამართა. ქალებმა იმსჯელეს სოფლის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გაიგეს თუ რა გზებითაა შესაძლებელი მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება.

„გვინდოდა, რომ ქალები ყოფილიყვნენ აქტიურად ჩართული ამ შეხვედრებში, რადგან მათთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ისაუბრეს ნარჩენების პრობლემაზე, მიუსაფარ ძაღლებზე, ტრანსპორტირების პრობლემაზე და საკმაოდ კარგი, ჯანსაღი დიალოგი გამოვიდა. ჰქონდათ იდეებიც, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. მათ უნდა იცოდნენ თუ როგორ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორ იყვნენ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან ეს გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად სწორედ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება“.
შეხვედრა ქალებთან წითელსოფლის ახალგაზრდული განვითარების სახლში
არამის თქმით, მათ თემში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა ჩაერთონ. აცხადებს, რომ პირადად მისთვის წარმატება იქნება, თუ შეხვედრის მონაწილე ერთი ქალი მაინც მიიღებს მონაწილეობას სოფლის „საერთო კრებაში“ მომდევნო წელს, რადგან ქალები ამ შეხვედრაზე ძირითადად არ გამოდიან.

შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ოქროპირიძე მარნეულის „ჩაერთე მართვის“ კლუბის კიდევ ერთი წევრია - „ჩაერთე მართვის კლუბში გადავწყვიტე ჩართვა, რადგან მინდოდა მქონოდა შესაძლებლობა კიდევ უფრო უკეთ გამეცნო და ასევე სხვებისვისაც გამეზიარებინა თვითმმართველობისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობის არსი და ასევე მოქალაქეებისთვის კი ჩართულობის მექანიზმები“.
ნათია ოქროპირიძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მარნეულელ ქალებთან

ნათიამ კლუბის ფარგლებში შეხვედრები ქალეთან და კოლეჯის სტუდენტებთან დააორგანიზა. ორი შეხვედრა მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში და კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა, კიდევ ორი შეხვედრა კი ადგილობრივ ქალებთან.

„განვიხილავდით ჩართულობის მექანიზმებს, თუ როგორ შეიძლებოდა ქალაქსა და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება, როგორ უნდა გვეთანამშრომლა თვითმმართველობასთან და ზოგადად როგორ უნდა მოგვეხდინა ადვოკატირება სხვადასხვა თემების“. - ამბობს ნათია

„ჩაერთე მართვის“ კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მარნეულთან ერთად ბათუმში, ჩოხატაურსა და დმანისში ფუნქქციონირებდა. სამიზნე მუნიციპალიტეტში შექმნილი კლუბების მონაწილეებმა, რეგიონული კოორდინატორების მენტორობით, სამი თვის (თებერვალი-აპრილი) განმავლობაში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირებისა და მონიტორინგის კამპანიები.

განხორვიელებული აქტივობები მოიცავდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, რომლებშიც 300-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, საველე აქტივობებს - მონიტორინგს, ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების მოკვლევისა და კამპანიის საინფორმაციო ბროშურების გავრცელების მიზნით, რომელმაც 400-მდე ადამიანი მოიცვა.

მარნეულელი ახალგაზრდები „ჩაერთე მართვის“ კლუბის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურებს არიგებენ
კლუბის საქმიანობის დასასრულს, მონაწილეებმა მოამზადეს სარეკომენდაციო წინადადებები და ანგარიშები, რომლებიც შემდგომი განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და მერიას წარედგინება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მარნეულის N3 საჯარო სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის რეგისტრაცია - მოსწავლეებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის მოთხოვნით და კლუბის მონაწილეების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფ “მწვანე აზროვნება”-სთან თანამშრომლობით ფორუმის ორგანიზება „დედამიწა პლასტმასების წინააღმდეგ“.

„ჩაერთე მართვის“ კლუბების საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს chaertemartvashi.ge

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები