საკრებულოს ახალი შენობის საპროექტო ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების ტენდერი არ შედგა. მერიას დოკუმენტაციის შედგენისათვის 42 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. ტენდერს მხოლოდ ერთი გამოხმაურება აქვს.

„მოგესალმებით, ანუ არსებული შენობის რეკონსტრუქცია გნებავთ თუ არსებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენება? გარდა ამისა ელემენტარული ტერიტორიის ტოპორუკა მაინც უნდა დადოთ და საკონკურსო დოკუმენტაცია უფრო ხარისხიანად მოამზადოთ, ვადაც საკმაოდ ცოტაა. ასეთი პირობებით ამ კონკურსში მონაწილეობა არამგონია რომელიმე კომპეტენტურმა არქიტექტურულმა ჯგუფმა მიიღოს“
- წერს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც საპასუხოდ ადგილობრივმა თვითმართველობამ მიწერა, რომ ინფორმაცია დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებში მათ დეტალურად აქვთ გაწერილი.

აღსანიშნავია, რომ 22 მარტს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენება მუნიციპალურ საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ პირთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მერია მხოლოდ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას გეგმავს, მშენებლობის სამუშაოებისათვის თანხა კი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ტერიტორია, სადაც საკრებულოს ახალი შენობა უნდა აშენდეს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები