2024 წლიდან შშმ პირები, ავადმყოფები და ვეტერანები გაზრდილ დახმარებას მიიღებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. 25 დეკემბერს გამართულ მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ სოციალურ პროგრამაში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„დაკვირვების შედეგად, ბენეფიციარებთან ურთიერთკომუნიკაცია, კოორდინაციაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურმა ჯანდაცვის მიმართულებამ გამოკვეთა ის ფოკუს ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, დახმარებას ფინანსური ზრდის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოიპოვა გრანტი, რომლის შესაბამისად დაიბეჭდა სოციალური პროგრამა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ბრაელის შრიფტით. ჩვენ გვქონდა შეხება, კოორდინაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და უშუალოდ მათთან კოორინაციაში გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომლებიც უნდა შეგვეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამაში“ - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

ნინო დეკანოიძემ საკრებულოს წევრებს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამაში შედის. დეკანოიძის განცხადებით, პროგრამაში შევიდა სამი ძირითადი პოზიტიური სიახლე, რომელიც ამ დრომდე მარნეულის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამაში არ იყო ასახული.

„მიმდინარე ეტაპზე გაგაცნობთ სამ ძირითად სიახლეს, რომელიც აქამდე არ ყოფილა პროგრამაში და რომელიც შედის. პირველი, ეს გახლავთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები რომელთან მიმართებაშიც ადგილობრივი თვითმმართველობა გამოხატავს კეთილ ნებას, რომ ცერემბლარული დამბლით დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვებს გაეწიოთ ერთჯერადად, ზედა ზღვარით 2 000 ლარის ოდენობით, რეაბილიტაცია ბალნეოლოგიური მიმართულებით და ეს იყოს სიახლე და ერთგვარი პოზიტივი, წახალისება, კეთილი ნება, რომლითაც ისარგებლებს ყველა ის ბენეფიციარი, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცერემბლარული დაავადებით ბავშვი ოჯახში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში ან ტექნიკურ სასწავლებელში, ადგილობრივი თვითმმართველობა გაუწევს კვარტალურად 1 000 ლარის ოდენობით დახმარებას ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით და მესამე პოზიტიური ცვლილება გახლავთ იმ ქალებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც გარკვეულწილად იდევნებიან ოჯახიდან, მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არიან გარკვეული მსხვერპლი საზოგადოების, მათ ადგილობრივი თვითმმართველობა გაუწევს სამი თვის განმავლობაში ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. ეს იქნება, რა თქმა უნდა გარკვეულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ეს შესაძლოა იყოს შემაკავებელი ორდერი, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გაცემული დოკუმენტაცია და ა.შ“. - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

მარნეულის მერიის ახალი სოციალური პროგრამის მიხედვით, თანხები იზრდება შშმ პირების ყოველთვიურ დახმარებებზეც.
უსინათლო პირებს ყველთვიური დახმარება 130 ლარიდან 160 ლარამდე გაიზარდა. ზომიერად უსინათლო პირების 100 ლარიანი დახმარება კი 130 ლარამდეა გაზრდილი.
ქალაქ მარნეულში დიალეზზე მყოფი პირების 70 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სოფლად მცხოვრები დიალეზზე მყოფი პირების 100 ლარიანი დახმარება 130 ლარამდე გაიზარდა.
გაიზარდა პროგრამის ზედა ზღვარი ონკოლოგია/კარდიოლოგიის მიმართულებით. ონკოლოგიურ ავადმყოფებთან მიმართებით ზედა ზღვარი იზრდება 4 000 ლარის, ხოლო კარდიოლოგიურ ავადმყოფებთან მიმართებით ღია ოპერაციების ნაწილში თანხა იზრდება 2 000 ლარის ოდენობით.
ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების 300 ლარიანი დახმარება 200 ლარით გაიზარდა და 500 ლარი შეადგინა.
სოციალურად დაუცველი ვეტერნების დახმარების თანხა 500 ლარამდეა გაზრდილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მედიკამენტური მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსების თანხები 2 000 ლარამდეა გაზრდილი. ამავე მუხლის მიხედვით, ბენეფიციარს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით აფთიაქიდან 500 ლარის ოდენობის ჰიგიენური საშუალებების გატანა შეეძლებათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის სოციალურ პროგრამას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თანხები გაიზარდა სოციალური პროგრამის ყველა მიმართულებით და აცხადებს, რომ მომავალ წელს მარნეულს ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პროგრამა ექნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები