პანკისში 12 ადგილობრივი და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელი დაშავდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. შსს-ს 8 დაშავებული თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული.

„პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5-მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ადგილზე, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ


წყარო: რეგინფო
Print ელ. ფოსტა
თეგები: პანკისი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები