„ვისაც დაურეკეს გააფრთხილეს, რომ არავისთვის არაფერი ეთქვათ“ - სამირა ბაირამოვა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარნეულელ ახალგაზრდებთან შეხვედრა მალულად ჩაატარა. შეხვედრას ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტები და მარნეულის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ყველასათვის გასაკვირად, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვაც ესწრებოდა. ბაირამოვა შეხვედრაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მიიწვია, რადგან ისინი ძველი ნაცნობები არიან.

"შეხვედრის წინა დღეს გავიგე ამ შეხვედრის შესახებ. თვითონ პარლამენტის სპიკერმა მომწერა ამასთან დაკავშირებით. მე მასთან გენდერისა და ადრეული ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით მქონდა თანამშრომლობა, რადგან არჩილი ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მან იცოდა, რომ რეგიონში არის ისეთი ადამიანი, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, ადგილობრივი აქტივისტია და გაუხარდებოდა ჩემი მონაწილეობა ამ შეხვედრაზე."
- ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით შეხვედრა მარნეულის მერიამ დააორგანიზა და მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამირა შეხვედრას დაესწრებოდა.

"სამწუხაროდ იქ ადგილობრივი აქტივისტები არ იყვნენ მოწვეულნი და იყვნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ასევე, წინასაარჩევნო პროცესებში მეტნაკლებად იყვნენ ჩართულნი. ეს ახალგაზრდები არ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომელსაც საზოგადოება იცნობს და მზად იქნებიან ისეთ ადამიანებთან შესახვედრად როგორიც პარლამენტის სპიკერია და ილაპარაკებენ პრობლემებზე რომლებიც მარნეულელი ახალგაზრდებისათვის აქტუალურია."
- ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მან პროტესტი გამოთქვა, რომ პარლამენტის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსახლეობისათვის და აქტიური ახალგაზრდებისათვის ცნობილი არ იყო.

"ადგილზე გავიგე, რომ ვისაც დაურეკეს მოგვანებით დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ შეხვედრის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ."
- გვითხრა სამირა ბაირამოვამ

ბაირემოვას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ მზაობა გამოთქვა მარნეულელ აქტივისტებთან შესახვედრად და თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა და გაფართოებულ ფორმატში მარნეულელებთან შეხვედრა კვლავ გაიმართება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები