„არ მინდა რომ 3%-იან პარტიებს გავცე პასუხი“ - აზერ სულეიმანოვი ახმედ იმამკულიევის განცხადებას ეხმიანება
„ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის, განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვი პასუხის გარეშე ტოვებს.

„არ მინდა რომ 3%-იან პარტიებს გავცე პასუხი. იმამკულიევი „ბლატაობს“ და ჩემთვის იაფასიანი ადამიანია“ - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა

ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ გაურიგდნენ.

„მე არ მოველოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ იქნებოდა, პირიქით ვფიქრობდი, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და კანდიდატიც იქ იქნებოდა, რადგან არა მარტო მე და სხვა კანდიდატებს, არამედ მთელს ოპოზიციას მოპარეს არჩევნები. მე ცუდად მივიღე ეს ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ იღებს მონაწილეობას იმ აქციაში, სადაც ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

11 ნოემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმის მიღების სხდომა. სხდომის მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ისინი მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანი ილურიძისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვდნენ.

შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს წევრებმა“. ილია ყაჯრიშვილმა და ლაშა ქველაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა პირველივე სესიაზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები