„ის უფრო არის ჩახედული ამ საქმეში“ - თამაზ ნავერიანი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე
დღეს, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

„მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ - წერია ბიძინა ივანიშვილის ვრცელ განცხადებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ქართული ოცნებიდან“ ივანიშვილის წასვლა მეცხრე მოწვევის პარლამენტარმა თამაზ ნავერიანმა შეაფასა.

„ის უფრო არის ჩახედული ამ საქმეში და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მის მაგიერ რა უნდა ვთქვა“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

ნავერიანის თქმით, პარტიიდან თავმჯდომარის წასვლა სავარაუდოდ „ქართულ ოცნებაში“ გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მიდის ამხელა პარტიის ხელმძღვანელობიდან მოსალოდნელი იქნება რაღაც ფორმის ცვლილებები თავად პარტიაში“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

ნავერიანი 2016-20 წლებში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მას დეპუტატის უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდგომ შეუჩერდა. ნავერიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ის ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია და სპორტული მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები